
შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ვუერთდებით - ეს რეზოლუციები იქნება, თუ განცხადებები, მაგრამ იმ დათქმით, რომ ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, რას ნიშნავს ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.
„ძალიან მარტივად აგიხსნით, რაც საგარეო საქმეთა მინისტრს და ჩვენს კოლეგებს პარლამენტიდან არაერთხელ აუხსნიათ ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის. საკითხი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ისევ ვუბრუნდები ოკუპაციის საკითხს და მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკა არის ერთ-ერთი, პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ რიგ შემთხვევებში, ვითვალისწინებთ რა არაღიარების პოლიტიკას, მის შესაძლო მძიმე შედეგებს, ვხელმძღვანელობთ ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესებით. ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს. გვიმუშავია ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. მათი დიდი ნაწილი იქნა სრულად გაზიარებული და მათ ესმით ძალიან კარგად ეს სპეციფიკურობა. არის საკითხები, რომელთა გაუმჯობესებაც შეიძლება. მაგრამ სამწუხაროდ საჯაროდ ბევრის თქმის საშუალება არ მეძლევა. მთელ რიგ შემთხვევებში, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ვუერთდებით ეს რეზოლუციები იქნება, თუ განცხადებები, მაგრამ იმ დათქმით, რომ ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |