
"საქართველოშიც, პარტიული მედიამანქანაც უკვე ცხრა წელია ნადირობს ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე. ამჯერად კი, ერიში თვითონ „ტელეგრაფზეც“ მიიტანეს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ერთ მოკრძლებულ სტატიაში დადებითად წარმოაჩინა", - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი, რომელმაც ამ თემას ბლოგი მიუძღვნა, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ.
ამბავი იმაზე, თუ როგორ არ მოეწონა ქართულ ოპოზიციურ მედიას ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე და ვის დაავალეს “საპასუხო მხილების” დაწერა.
პროლოგი
გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ 1855 წლის ივნისში პოლკოვნიკმა არტურ სლაიმ ერთადერთი მიზნით დაარსა - თავს დასხმოდა ბრიტანეთის არმიის მომავალ მთავარსარდალს პრინც ჯორჯს, კემბრიჯის ლორდს. საქართველოშიც, პარტიული მედიამანქანაც უკვე ცხრა წელია ნადირობს ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე. ამჯერად კი ერიში თვითონ „ტელეგრაფზეც“ მიიტანეს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ერთ მოკრძლებულ სტატიაში დადებითად წარმოაჩინა.
ამბის დასაწყისი
2020 წლის 28 აპრილს, 15:41 საათზე, ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა გამოაქვეყნა კამილა ტომინის სტატია სათაურით “ქარხნის ყოფილი მუშა კოვიდ-19_ის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე გულუხვი დონორია”. სტატია გაშუქდა ქართულ მედიაში და სათანადო გამოხმაურებაც ჰპოვა. სავარაუდოდ სწორედ ეს გამოხმაურება არ ესიამოვნა შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმულ ქართულ ოპოზიციურ მედიას და სტატიის შესახებ კრიტიკული წერილი მოამზადა. წერილის ავტორი სოფიკო ვასაძეა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, კოდა-სთორის პროდიუსერი და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. წერილის ორიგინალი ინგლისურენოვან რესურსებზე განთავსდა, ოღონდ ქართულ ენაზე.
ამბის კვანძი
ალბათ შენიშნეთ, რომ ზემორე ტექსტის შესავალი ჰაიპერლინკებითაა დახუნძლული. ეს იმიტომ, რომ რომ კოდას კრიტიკული წერილი სწორედ ამგვარადაა დაწერილი. უამრავი ბმულით და იმის მტკიცე რწმენით, რომ გულმოდგინე მკითხველი აუცილებლად გადაამოწმებს მოხმობილ წყაროებს.
წერილი იწყება ირონიული აქცენტით, რომ იქ სადაც ბილ გეითსი გაურკვეველი წარმოშობის ცხრილში მხოლოდ მეცხრე ადგილს იკავებს, აბა თუ მიხვდებით რატომაა ბიძინა ივანიშვილი პირველ ადგილზე.
ამის შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ შვიდასსამოცდაოთხ სიტყვიან მცდელობას ტელეგრაფის სტატია წარმოჩინდეს როგორც ცრუ, ფალსიფიცირებული და შეკვეთილი.
ბედის ირონიით, ამ სრულიად უაზრო კრიტიკის ავტორი ჟურნალისტი თავად წუხს მანიპულირებად ჟურნალისტიკაზე: “ეს [სტატია] იმის ნათელი მაგალითია, თუ რამდენად მარტივად მანიპულირებადია ჟურნალისტიკა, როცა ჟურნალისტები გადამოწმების სტანდარტებს არ იცავენ და PR კონსულტანტების სიტყვებს იმეორებენ, ავტორიტეტული გამოცემებიც კი დეზინფორმაციის წყაროდ შეიძლება, გარდაიქმნას”.
არსად, არცერთ აბზაცში წერილის ავტორი არ ცდილობს გადაამოწმოს ამბის სიმართლე, თუ რა არის ტყუილი მოხმობილ სტატიაში. ამის სანაცვლოდ ის გვთავაზობს შემდეგი სტრუქტურით და ქვესათაურებით აგებულ ნარკვევს:
- “ინფოდემიის ახალი ამბები”, საიდანაც ვიგებთ რომ ტელეგრაფის სიის სათავეში ივანიშვილია წარმოდგენილი.
- “სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ”, სტატიაში მოცემულია ივანიშვილის ბიოგრაფიის ელემენტები, თუმცა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს არ მოსწონს, რომ სტატიაში გამოტოვებულია მისი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები (ამაზე ქვემოთ).
- “რა უჯდება ქართულ ოცნებას რეპუტაციის შენახვა”, ამბავი მთავრობისა და ოცნების მიერ დაკონტრაქტებული ლობისტური კომპანიებისა.
- “ფართო სურათი”, აქ იხილავთ ფილანტროპების როლის ზოგად მიმოხილვასა და შეფასებას, ცხადია ნეგატიურს.
- “კარანტინი რუსეთის საავადმყოფოში”.. მოიცა, როგორ? რა კარანტინი რუსეთის საავადმყოფოში? რა შუაშია რუსეთის საავადმყოფო ბიძინას შესახებ პასკვილში? ა, ეს სხვა სტატიაა? და ერთ განუყოფელ ტექსტად რატომაა მოცემული? რაიმე ემოციური ბმა აქვს, სადაც ბიძინა, იქაც რუსეთი?! თუ ავტორისთვის რამ გაყო ეს ორი ცნება ერთმანეთისგან? და ეს ავტორი წუხს მანიპულაციურ ჟურნალისტიკაზე.
ამბის კვანძის გახსნა:
სად არის პრობლემა?
“პრობლემა იმაშია, რომ ეს ცხრილი მხოლოდ ერთ ადგილას არსებობს: ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის ვებსაიტზე” , ამბობს სოფიკო ვასაძე, რადიო თავისუფლება, კოდა-სთორი და აშ.
ანუ პრობლემა არის ის, რომ ბრიტანულმა გაზეთმა შექმნა ცხრილი, რომელიც შეადგინა შემდეგი პრინციპით...
მოდით, ეს პრინციპიც სოფიკოს ციტატით ავხსნათ: “პანდემიისთვის ქველმოქმედთა ცხრილი გამოქვეყნდა, რომელიც გვიჩვენებს კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს ერთ სულ მოსახლეზე დონაციის პროპორციული მაჩვენებლებით”.
ესე იგი, აქედან ვიგებთ, რომ სია შედგენილია შემოწირულობის ოდენობის შეფარდებით ქვეყნის მოსახლეობის რიცხვოვნობასთან და ამ კრიტერიუმით ბატონი ივანიშვილი აღმოჩნდა პირველ ადგილას. და ასეთი ცხრილი გააკეთა ტელეგრაფმა, დანარჩენ გამოცემებს კი სრული უფლება დაუტოვა დაესესხონ და გაავრცელონ. ყველა ცხრილი ოდესღაც ვიღაცის მიერაა პირველად შედგენილი, ეს რატომაა პრობლემა? პრობლემა არის სიცრუე და მანიპულაცია და სწორედ ამ მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითია სოფიკო ვასაძის ნარკვევი კოდა-სთორიზე.
სოფიკოსგან განსხვავებით უპირობოდ არც მე ვენდობი ტელეგრაფს. ჯერ კიდევ ქართული ასმილიონიანი დონაციის გაკეთებამდე დავინტერესდი შემომწირველებით და რამდენიმე სია მოვიძიე. დღეს კიდევ ერთხელ მოვძებნე სხვადასხვა სიები.
საძიებო სისტემაში შემყავს [list of philanthropists who donate for covid 19] და პირველივე გვერდზე მშვენიერ ბმულს ვპოულობ. ნიუს კორპში შემავალი დოუ ჯონსის ყოველკვირეული გამოცემა Barron’s/Penta, რომელსაც ბიზნესმენთა მსხვილი დონაციების ჩამონათვალი აქვს მოცემული. სია პერმანენტულად ახლდება. 29 აპრილს 44 ცნობილი პირია ჩამოთვლილი, 30 აპრილს კი კიდევ ორი დაემატა - ზარას მფლობელი ამანსიო ორტეგა და ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი. კოვიდ-19_თან დაკავშირებული შეწირულობების ამ დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია. სიაში მოცემული ფილანტროპისტები განსხვავდებიან თავისი სიმდიდრით, ბიზნესის მასშტაბით, ქვეყნების სიდიდით და დონაციის ოდენობით, ამიტომ მათი ჩამონათვალი დანომრილი რიგითობის გარეშეა მოცემული. ტელეგრაფმა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სია შეწირულობისა და მოსახლეობის შეფარდების მიხედვით შეადგინა. მარტივად.
ამის შემდეგ ჭეშმარიტად მანიპულაციური ჟურნალისტიკა იწყებს არა სიმართლის გარკვევას, არამედ შემკვეთის გარკვევას და სტატიას უწოდებს ლობისტების მიერ შეკვეთილს. სიტყვა “ლობისტები” ქართულ ზეპირსიტყვიერებაში უკვე ღრმად დამკვიდრდა ნეგატიური კონოტაციით და საინტერესოა რატომ? საინტერესო იქნებოდა სოფიკო ვასაძის სტატიის წაკითხვა ამ თემაზეც.
ლობისტებთან ურთიერთობა და მათი ქმედითი გამოყენება სააკაშვილის ხელისუფლებას უკავშირდება. გრინბერგ-როზნერი, ორიონ სტრატეჯი, რენდი შენემანი და ბათუ ქუთელია, გიგა ბოკერიას ხელმოწერილი კონტრაქტები და ამბები. ცხრაწლიანი მმართველობისას არ ყოფილა ერთი დღეც კი ისეთი, როდესაც სააკაშვილის მთავრობას არ ესარგებლოს ლობისტთა მომსახურებით, გაუმჭვირვალედ, ოპოზიციისგან საიდუმლო გრიფით დამალული კონტრაქტებით და მიტაცებული ტელეარხებით მოყოლილი ამბები დემოკრატიის შუქურაზე ინგლისურენოვანი სპიკერებით.
როდესაც ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ჰყიდნენ, ქვეყანა 1 ადგილზე მოხვდა ევროპის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით; 99.99%_იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, ღამის ნოტარიუსების ნოუ-ჰაუთი და დატერორებული ბიზნესის მასშტაბით, მოსმენებით და თვალთვალით. საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ მაშინ დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა, ენდიაის კვლევებისა არ იყოს.
თავის ნარკვევში ჟურნალისტი სოფიკო ვასაძე მთავრობის და ოცნების ლობისტურ კონტრაქტებს ერთ ყულაბაში ყრის, რაც ღრმა შეცდომაა და სავარაუდოდ ამის მიზეზიც სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა. იმ დროს პარტიის და სახელმწიფოს გარჩევა არ იყო ადვილი საქმე. მიუხედავად ბევრი ძიებისა, ჟურნალისტმა მაინც ვერ გაარკვია, რომელმა ლობისტმა მიაწოდა ტელეგრაფს სიმართლე, მთავრობის თუ ოცნების.
რას ედავება საბოლოო ჯამში „მამხილებელი“ სტატიის ავტორი „ტელეგრაფს“? რა ნახა ტყუილი? ხომ გადარიცხა 100 მილიონი? ხომ ებრძვის საქართველო წარმატებით კორონავირუსს? ხომ აღმოჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური? გამონაკლისია საქართველო ამ ომში? ყველა ქვეყანაში, სადაც შედგა ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ხელისუფლების კოლაბორაცია, მძიმე შედეგები თავიდან აიცილეს. სადაც არა, იქ ვითარება გართულდა. ამაზეც ბევრი დაიწერა საერთაშორისო მედიაში.
შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ივანიშვილს, იქ ყოველთვის გვაქვს ორი მოცემულობა. პირველ მოცემულობაში ბიძინა ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მეორე მოცემულობაში ყველაფერი რასაც ბიძინა აკეთებს, ცუდია და მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ. სხვათა შორის, ეს ორი მოცემულობა სადღაც გადაჯაჭვულიცაა, აფიშირების გარეშე მოქმედება ოპონენტებს კრიტიკის მეტ საფუძველს უჩენს.
მე ვერ ვიხსენებ და არც წამიკითხავს ივანიშვილის რაიმე მოქმედების ერთიანი კონსესუსური ვერსია, მისი ალბათ ყველა მოქმედება ოპონენტების მიერ ნეგატიურადაა შეფასებული.ბიძინას დემონიზაცია გახდა პოლიტიკური ბრძოლის გზა. მის პენსიას ეწოდა მოსყიდვა, ჯიღაურას და ბლექსის მრავალასმილიონიანი პროექტების სახელმწიფოზე ჩუქებას - შეტენვა, 12 ათასი სახლის გადახურვის პროგრამას - რაჭის ხე-ტყის გაჩეხვა და ასე შემდეგ. ბიძინასგან წმინდანს ვერ გამოვძერწავთ, მაგრამ როდესაც ოპერის გარემონტებაში 40 მილიონის ჩამდებ ადამიანს თემას გაუშუქებ, პრემიერაზე ბილეთები რატომ არ გაყიდაო, მანიპულაციის ეს ფორმა სრულად აშიშვლებს ოპონენტს.
მანიპულაციური ჟურნალისტიკის შაქარყინული კი ისევ სოფიკოს სტატიაში ვიპოვნეთ:
დასასრულისკენ:
სოფიკო ვასაძე წერს: “სტატიაში სრული აქცენტი კეთდება ბიძინა ივანიშვილზე. მისი ბიოგრაფიული ფაქტებიც სწორია, მაგრამ არა სრული და კონტექსტი აკლია. თუნდაც ყველაზე მცირე: ივანიშვილის კავშირები კრემლთან და მისი როლი “პანამის დოკუმენტების” სკანდალში.”
როგორ ფიქრობთ, რა წყაროა მოხმობილი ივანიშვილის კრემლთან კავშირების საილუსტრაციოდ? ან პანამის დოკუმენტების სკანდალში რაიმე როლი ჰქონდა ბიძინას? ვნახოთ წყარო: ესაა 2016 წლის 11 აპრილს რადიო თავისუფლებაზე გამოქვეყნებული სტატია, სადაც საუბარია საქართველოს ორმოცდაათამდე მოქალაქეზე, რომელთა სახელებიც გვხვდება პანამის დოკუმენტებში და მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილიც, როგორც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “რაპტორის” მეწილე ოფშორში დარეგისტრირებული “ლინდენ მენეჯმენტით”.
სტატიის დიდი ნაწილი წარმოადგენს ინტერვიუს დეივიდ ბლოსსთან, რეგიონალურ რედაქტორთან პროექტისა „ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა".
სტატიაში ვკითხულობთ: “დეივიდ ბლოსი იყო ჟურნალისტი, რომელსაც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი დაუკავშირდა და „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილი მასალები გადასცა. დეივიდის თქმით, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის, თუ რამდენი მოქალაქე იყენებდა ოფშორულ ზონებს საქართველოდან, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. დეივიდ ბლოსი ამბობს, რომ ზოგადად ოფშორულ ზონებში ქონების ფლობა უკანონო არ არის”.
ყველაზე საინტერესო ამ სტატიაში დავით კეზერაშვილის მოკრძალებულად ხსენებაა, იმ საჯარო მოხელე დავით კეზერაშვილის, რომელსაც კერძო სექტორში არასდროს უმუშავია და სახელმწიფო სამსახურის შემდეგ ოფშორულ ზონაში ერთდროულად სამი კომპანია გახსნა.
ანუ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სოფიკო ვასაძე ამხელს ბიძინა ივანიშვილს კრემლთან კავშირსა და ოფშორული კომპანიის გამოყენებაში რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიით, სადაც მხილებულია დავით კეზერაშვილი გაურკვეველი წარმოშობის ოფშორული კომპანიების ფლობაში, ხოლო იმავდროულად, რადიო თავისუფლების პროექტი თავისუფლების მონიტორი უდრტვინველად მაუწყებლობს იმავე დავით კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია ფორმულის ეთერში: “რადიო თავისუფლებისა და სტუდია მონიტორის ერთობლივი პროექტის, თავისუფლების მონიტორის საგამოძიებო ფილმების ჩვენება ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე შეწყდა. პროექტის მომდევნო ფილმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესს შეეხება, 15 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულაზე გავა.”
O sancta simplicitas!
ეპილოგი
რა ბედი ეწია პოლკოვნიკ სლაის წამოწყებას, გაზეთით დაზიანებინა კემბრიჯის ჰერცოგის რეპუტაცია? გამოცემის პირველივე ტირაჟი ჩავარდა, პრინცი გეორგი მაინც გახდა ბრიტანეთის ჯარების მთვარსარდალი, ხოლო არტურ სლაიმ ახლადგამომცხვარი „ტელეგრაფი“ გამომცემელს მიჰყიდა...
გურამ ნიკოლაშვილი,
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |