ჯო ბაიდენი - დიახ, ასაკი არის აქტუალური საკითხი – მე, ზრდასრული კაცი კენჭს ვიყრი ექვსი წლის ბავშვის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 28 აპრილი 2024, 14:06

ვაშინგტონში თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამი გაიმართა, რომელზეც ტრადიციულად პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. ჯო ბაიდენმა თავის წინამორბედზე, დონალდ ტრამპზე და ასევე საკუთარ ასაკზე იხუმრა.

„რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და დიახ, ასაკი არის აქტუალური საკითხი – მე, ზრდასრული კაცი კენჭს ვიყრი ექვსი წლის ბავშვის წინააღმდეგ“, – იხუმრა 81 წლის ბაიდენმა 77 წლის დონალდ ტრამპის მისამართით, რომელსაც მან „მძინარა დონი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ თავად დონალდ ტრამპი ხშირად უწოდებდა ჯო ბაიდენს „მძინარა ჯოს“.

ტრადიციულ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა  ასევე თქვა, რომ ასაკი ერთადერთია, რაც მასა და დონალდ ტრამპს საერთო აქვთ.

ამას გარდა, ჯო ბაიდენმა მიმართა მედიის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ თავისუფალი პრესა ასრულებს გადამწყვეტ როლს იმის უზრუნველყოფაში, რომ ამერიკელ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.

„ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური შეკითხვა მდგომარეობს იმაში, არის თუ არა დემოკრატია კვლავ ამერიკის წმინდა საქმე. კითხვა ამაში მდგომარეობს. ამერიკელმა ხალხმა მას მიმდინარე წელს უნდა უპასუხოს. და თქვენ, თავისუფალი პრესა, თამაშობთ გადამწყვეტ როლს იმის უზრუნველყოფაში, რომ ამერიკელ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც მათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდებათ. დამარცხებული ყოფილი პრეზიდენტი არ მალავდა თავის თავდასხმებს ჩვენს დემოკრატიაზე. მან პირველივე დღეს თქვა, რომ სურს იყოს დიქტატორი. ის ეუბნება მხარდამჭერებს, რომ ის არის მათი შურისძიება. ღვთის სახელით, როდის გაგიგიათ, რომ სხვა პრეზიდენტი მსგავს რამეს ამბობდეს? და მან სისხლის ნიაღვრის პირობა დადო, თუ ის კვლავ დამარცხდება. ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის ეპოქაში სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანია როგორც არასდროს.

„დეზინფორმაციის ეპოქაში სანდო ინფორმაცია, რომელსაც ადამიანებს შეუძლიათ ენდონ, მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. და ეს თქვენ გაქცევთ მნიშვნელოვნად, როგორც არასდროს. ასე რომ, ამაღამ მინდა, ვთქვა სადღეგრძელო – თავისუფალი პრესისთვის, ინფორმირებული მოქალაქეებისთვის, ამერიკისთვის, სადაც თავისუფლება და დემოკრატია გრძელდება“, – მიმართა ბაიდენმა მედიის წარმომადგენლებს.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამს სამი ათასამდე ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და ცნობილი პირი ესწრებოდა. ღონისძიების წამყვანი კი „შაბათის ღამის შოუს“ იუმორისტი კოლინ ჯოსტი იყო.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია 1914 წელს შეიქმნა და ვახშამს თითქმის ყოველწლიურად, 1921 წლიდან მართავს. ღონისძიებაზე ასევე გროვდება ფული ასოციაციისთვის და სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად.

აღსანიშნავია, რომ წელს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამი პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციის ფონზე გაიმართა. ვაშინგტონში შეკრებილი აქციის მონაწილეები ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აპროტსტებდნენ და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდნენ. ისინი ჟურნალისტებს ღონისძიების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის სატრანსპორტო კომპანია: ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე
ვახტანგ გომელაური: ჩვენ არანაირი აგრესიის გამოხატვა არ გვინდა. თუ მომიტინგეებისგან წამოვა აგრესია, კანონის ფარგლებში, შესაბამისად ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ
ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი
მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, კანონდამრღვევების მიმართ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ სსკ 222-ე მუხლი, რომელიც 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
არქივი