ლევან გაჩეჩილაძე - ჯონ კერიმ და ჯო ბაიდენმა გვთხოვეს, რუსთაველზე დაგვემთავრებინა „საკნების აქცია“, გვითხრეს, გალეულია აქციები და ახალი ტალღის წამოწყებაში ბევრი დრო დაგჭირდებათო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 23 მაისი 2025, 17:16

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძემ გაიხსენა, რომ საქართველოში ვიზიტისას მას ჯონ კერიმ და ჯო ბაიდენმა სთხოვეს, რუსთაველზე ე.წ. საკნების აქცია დაეშალა.

ლევან გაჩეჩილაძემ ასევე გაიხსენა, კონკრეტულად სად და როდის შედგა ასეთი საუბარი.

„ოპოზიციასთან შედგა საუბარი მაისში. გახსოვთ, საქართველოში ჩამოსული იყო ჯონ კერი. ერთად იყვნენ ჩამოსული ვიცე-პრეზიდენტი და ჯონ კერი. შეხვდნენ ოპოზიციას. ჯონ კერი მეხუმრა კიდეც, ხომ ხედავ, შენც გაგიყალბეს არჩევნები ისე, როგორც მეო. მეხუმრა, ხდება ხოლმე, შენ არ ინერვიულოო. მახსოვს, ბაიდენი მელაპარაკა, 106 დღე გავიდა და რად გინდათ კიდევ ამდენი საკნები, აქციების გაგრძელება, რომ მორჩეთ, თქვენთვის უკეთესი იქნებაო. კარგით-მეთქი. მართალი გითხრათ, ისედაც მილეული იყო, რადგან 106 დღე ვინც მონაწილეობდა, ჩათვალეთ, ყველა აწამეს შიგნით თუ გარეთ. ყველა აღრიცხეს და ყველას დაემუქრნენ. მაგალითად, ჩემი ბავშვობის მეგობარი, გოგა ლომიძე შევიდა ბანკში თავისი საქმისთვის, რაღაც თანხა გამოიტანა, მოიტაცეს, მოკლეს ტყეში ცემით, დააბეს ხეზე და იქ დატოვეს, ფულიც წაართვეს. ეგონათ, ფული აქციაზე მოჰქონდა“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა სთხოვეს ჯონ კერიმ და ჯო ბაიდენმა, ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა:

„დაგვემთავრებინა საკნების აქცია. მიზეზი მათ ჰქონდათ ცალმხრივი. გვითხრეს, გალეულია აქციები, ახალი ტალღის წამოწყებაში ბევრი დრო დაგჭირდებათ და რუსთაველზეც თუ აიღებთ, კარგი იქნებაო. სხვათა შორის, სხვა ლოკაციებზე აქციები აღარ იყო, მარტო რუსთაველზე იყო. კარგით, ავიღებთ-მეთქი“.

თეა წულუკიანმა ლევან გაჩეჩილაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართა, მოეჩვენა თუ არა ეს შიდა საქმეებში ჩარევად, რაზეც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ისედაც ერეოდნენ.

„ისედაც ერეოდნენ. ცესკო-ს არჩევნების შედეგი გამოცხადებული არ ჰქონდა და პრეზიდენტობა მოულოცეს კაცს. პირდაპირ ერეოდნენ. ოღონდ, დღევანდელი დღისგან განსხვავებით, ამას საჯაროდ არ აკეთებდნენ. რომ გვხვდებოდნენ, პირდაპირ გვეუბნებოდნენ. ამერიკის ელჩმა მითხრა, მარგინალები ხართ, რადგან 7-8% გიჭერთ მხარსო, აგერ მაქვს სოციოლოგიური შედეგებიო. ყველა სოციოლოგიას ეგენი ატარებდნენ და ყველა სოციოლოგიას აყალბებდნენ. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მათ ჰქონდათ არჩევნების სათავისოდ მართვის და არჩევნებზე გამარჯვების დაფიქსირების რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ბიულეტენების ურნებში ჩაყრის. სააკაშვილის შტაბის უფროსი როცა ვიყავი, ბევრი შტაბის უფროსისგან გამიგია, რომ ბიულეტენები ჩაიყარა ბევრი მაჟორიტარის სასარგებლოდ. მთავარია, დასავლეთმა გაღიაროს და შენ გამარჯვებულო ხარ, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი. შემდეგ წადი, იჩივლე და რაც გინდა, ის ქენი“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მანამდე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რას გულისხმობდა ეგრეთ წოდებული საკნების აქცია.

„დრო გადის და ზოგმა არ იცის, საკნების აქციაში რა იგულისხმება. ახლა გარეთ რომ დგას რამდენიმე ადამიანი, იდეის გარეშე, უსამართლო და გვიწივის, გამოდით პარლამენტიდანო, პარლამენტიდან ესა თუ ის პოლიტიკური ძალა გამოჰყავს არჩევნებს. არჩევნებში ხმას ვერ იღებენ, წივიან და კივიან გარეთ. თან კრეატიულობაც არ აქვთ. რაღაც მოიფიქრე, სტრატეგია დასახე. სრული იდეური, იდეოლოგიური სიღატაკე სუფევს, განათლებას რომ თავი დავანებოთ. ზოგიერთი ახალგაზრდა ისე ჩაითრიეს, შეგეცოდება. ღრმად მწამს, რომ „მაესტროს“ ეთერში პროექტი „საკანი ნომერი ხუთი“ ჟურნალისტიკისა და, ზოგადად, პოლიტიკური, მოქალაქეობრივი ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთ უნიკალურ ფურცლად ჩაიწერება თავისი კრეატიულობის, შედეგის, სიმართლის საზოგადოებისთვის მიწოდების მხრივ, ასევე საკნების აქცია. ციხიდან გამოდიოდა, რბილად რომ ვთქვა, ცუდი ინფორმაციები და, ამათგან განსხვავებით, მაშინდელმა პროტესტის ჟინით, სიმართლით შეიარაღებულმა ხალხმა მოიფიქრა ასეთი აქციის ფორმა – ტელევიზიის წინ, ასევე რუსთაველის გამზირზე, მის მიდამოებში, ძირითად არტერიებზე, კანცელარიის, პრეზიდენტის სასახლის წინ, მნიშვნელოვანი ადგილები სადაც იყო, შეიქმნა რკინის კონსტრუქციები, გალიები. სააკაშვილის ციხე იყო ერთი დიდი გალია, სადაც ადამიანებს კლავდნენ. ჩაიდგა რკინის საკნები და ამ საკნებში მორიგეობით ცხოვრობდნენ პროტესტით განწყობილი მოქალაქეები. ესენი არ იყვნენ მხოლოდ პოლიტიკოსები, იყვნენ მოქალაქეები, ვისაც გაბედულება ჰყოფნიდა და ღამეც იქ ათენებდა. ეს იყო პოლიტიკურად ძალიან ეფექტური აქცია, რომელიც მანამდე სხვას არ გამოუგონია. მახსოვს დისკრედიტაციის კამპანია, რომ ეს არ არის საკნების აქცია, ეს არის გალიების აქცია და გალიებში ხომ იცით, ვინ სხედანო. თქვენ ძალისხმევა გააკეთეთ, რომ სისხლი არ დაღვრილიყო, შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალისხმევები ახალი ენერგიით, უკვე შედეგიანი სტრატეგიით შეავსო და დადგა გამარჯვება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი