თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 29 მაისი 2025, 14:55

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ბაჩიაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორ მოხდა მისი საქართველოში ჩამოყვანა.

„უდანაშაულო ვარ, დამტკიცდა საქართველოში, რომ ივანიშვილის პირადი პატიმარი ვარ. მინდა, დღეს დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ შეგატყობინოთ. 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, ორი დღე მატარეს თვალებახვეული, შემდეგ ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და მოტაცებული ჩამომიყვანეს საქართველოში. ისტორიას ბევრი საქმე ახსოვს გართულებებით, მაგრამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, საკუთარ თავს ნამდვილად აჯობა. წარმოდგენა არ მაქვს, იმ სახელმწიფოს რა უთხრეს, მაგრამ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემმა ამბავმა საერთაშორისო სკანდალი შეიძინა. ინტერპოლის მიერ ძებნა ჩემზე შეჩერებული იყო, ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მომიტაცეს. მათ დაარღვიეს ყველა ნორმა. გთხოვთ, ჩემი ეს განცხადება მიიღოთ გამოძიების დაწყების საფუძვლად. მზად ვარ, ყველა დეტალი მოვუყვე გამოძიებას“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.


როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ის გამოძიებას ყველა დეტალს შეატყობინებს, „რათა კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს მთელი სახელმწიფო”.

მისივე თქმით, ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან.

„არანაირად არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი.

დღეს, ამას კიდევ ერთი ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს. ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.

საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს სხვადასხვანაირი გართულებებითა და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედებები ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა.

საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა შეჩერებული იყო ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა სრულად პოლიტიკურია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამით დაარღვიეს არა მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა, ამასთან იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი.

მე თქვენ გთხოვთ, რომ ჩემი ეს განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანა ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, პირდაპირ გეტყვით. დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს. ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ. ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის. ჩემი პროკურორის“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს დატოვა. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი. გიორგი ბაჩიაშვილს 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი