უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჯერ არ იცის, აპირებს თუ არა მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას.
ზელენსკის განცხადებით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„ჩესკი როჟლას პლუსთან“ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ამ საკითხზე პერიოდულად მაინც ფიქრობს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე პირადი სურვილი იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაეკეთებინა ომის დასრულების შემდეგ.
„ხანდახან უბრალოდ მინდა, ცოტა მეტი დრო გავატარო ჩემს შვილებთან. და გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა, სად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინული მედიის თანახმად, გასული წლის დეკემბერში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ „რაც შეიძლება მალე“ უნდა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები. ზელენსკიმ თქვა, რომ ამ ხედვას უკრაინის პარტნიორებიც იზიარებენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |