ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ბუნებრივია მაღალი ფასები აწვება მათ სოციალურ მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფასების რეგულაციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა უკვე, თუმცა კიდევ გრძელდება ეს სამუშაოები.
„როდესაც ფასებზე ვსაუბრობთ აქ რამდენიმე მიმართულებაა, რაზეც ხდება კონცენტრირება და შეფასების განხორციელება.
პირველ რიგში საუბარია ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე, თუმცა ამას როდესაც შევხედავთ, მონეტარული პოლიტიკა ეროვნული ბანკის მიერ საკმაოდ მკაცრად არის რეგულირებული და მთავარი საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია, რადგან ნეიტრალურ განაკვეთზე მაღალ განაკვეთზე უჭირავს, ხოლო ფისკალური პოლიტიკის ნაწილში საბიუჯეტო დეფიციტი ძალიან შემცირებულია. გასულ წელს 2%-ზე დაბალი იყო, რაც ორივე მიმართულებით გამორიცხავს ინფლაციური პროცესების წახალისებას.
მეორე მიმართულება, რაზეც კომისია მუშაობს, ეს არის ეკონომიკური და ბაზრის ფუნქციონირების ფაქტორი. ამ მიმართულებით კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ფასების შემცირების რესურსი ნამდვილად არსებობს. ის ფასნამატი, რომელიც საბაჟო საზღვრიდან დახლამდეა აღემატება 80%-ს, 86%-ია საშუალოდ, რაც ბუნებრივია არ ითვლება ნორმალურ სიტუაციად.
ამ შეხვედრებზე ბიზნესის წარმომადგენლებმაც გაიზიარეს ეს მოსაზრება, რომ ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია. ამ ნაწილში შესაძლებელია იყოს სამი ძირითადი მიმართულება. ეს შეიძლება იყოს არასწორი ბიზნესმოდელები, ბაზრის მონაწილეების მხრიდან გადაჭარბებული ძალაუფლების ქონა ბაზარზე და ვერ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ბაზრის მონაწილეებს შორის კარტელური გარიგებები. სამივე მიმართულებას სჭირდება დეტალური შესწავლა, თუმცა ის, რომ ფასების შემცირება უნდა მოხდეს და ამ მასშტაბის ფასნამატი არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, ამაზე კითხვა არა მგონია ვინმეს ჰქონდეს.
სამივე მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მიდის მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არის ღია და გამჭვირვალე. შემდეგი კვირიდან საქართველოს პარლამენტი დაიწყებს სხდომებს, რომელიც იქნება საჯარო“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |