უნგრეთმა სარჩელი შეიტანა ევროკავშირის სასამართლოში REPowerEU რეგულაციის გასაჩივრების მიზნით, რომელიც ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„ჩვენი სარჩელი ეფუძნება სამ ძირითად არგუმენტს. პირველი: ენერგოიმპორტის აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ სანქციების გზით, რაც წევრ ქვეყანათა ერთსულოვნებას მოითხოვს. მოცემული რეგულაცია კი მიღებული იყო სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიების საფარქვეშ.
მეორე: ევროკავშირის ხელშეკრულებებში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ თითოეული წევრი სახელმწიფო თავად წყვეტს, თუ რომელი ენერგოწყაროები და მომწოდებლები აირჩიოს.
მესამე: ენერგეტიკული სოლიდარობის პრინციპი მოითხოვს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გარანტიას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ეს გადაწყვეტილება აშკარად არღვევს აღნიშნულ პრინციპს, ყოველ შემთხვევაში, უნგრეთის შემთხვევაში.
ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ უფრო ძვირი და ნაკლებად საიმედო ალტერნატივები. რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოების გარანტირება, ისევე როგორც უნგრული ოჯახებისთვის ენერგიაზე დაბალი ტარიფების შენარჩუნება“, - დასძინა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |