საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.
სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. დისკუსიების მიზანია ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ პირველ პირთა მეუღლეების მხარდაჭერის შეფასება და მათ საერთო ვალდებულებებზე მსჯელობა.
მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრამდე კი სამუშაო სესია გაიმართება, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უმასპინძლებს. სამუშაო სესიის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია, რომლის მონაწილეები გაეცნობიან იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ბავშვებს შესაძლებლობების გამოყენებასა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ღონისძიებები 24 და 25 მარტს გაიმართება. მასში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |