აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა.
ვატიკანის განცხადებით, შეხვედრისას რომის პაპი და მარკო რუბიო შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
ეს იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა რომის პაპსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის.
ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“.
რუბიო ვატიკანში დაახლოებით ორსაათ-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა მაღალი რანგის სასულიერო პირებთან, მათ შორის ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რომის პაპთან შეხვედრისას ხაზი გაუსვეს საერთო ერთგულებას მშვიდობისა და ადამიანური ღირსების ხელშეწყობის მიმართ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |