სტატიები
ჭიათურის გაკვეთილი - როგორ იხსნა პროფკავშირმა ქალაქი სოციალური კატასტროფისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2334 30 მაისი 2025, 14:33

ჭიათურა არ არის მხოლოდ ეკონომიკური წერტილი ეკონომიკურ რუკაზე. ახლა ეს ბრძოლის არენაა.

ახალ ეკონომიკურ რეალობაში მანგანუმის მოპოვების მიწისქვეშა მეთოდი მიმზიდველობას კარგავს. მიწისქვეშა სამუშაოები ძვირად ღირებული ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების გამოყენებას მოითხოვს. ყველა ეს ფაქტორი კი სასარგებლო წიაღისეულის ფასზე აისახება.

მანგანუმზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ფასის მატება გლობალურ ბაზარზე მას მიმზიდველობას უკარგავს, ის არაკონკურენტუნარიანი ხდება...

და ეს მხოლოდ ქართულ წიაღისეულს არ ეხება.

გლობალურად, ბოლო წლების განმავლობაში მიწისქვეშა მანგანუმის მაღაროების რაოდენობა იკლებს. მაგალითად, ამერიკაში 2008 წლიდან 2017 წლამდე მიწისქვეშა მაღაროების 60% დაიხურა...

მთავარი მიზეზები:
ეკონომიკური არაეფექტიანობა.
გარემოსდაცვითი რეგულაციები.
ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებები.

ზედაპირული (ღია) მოპოვება უფრო ეკონომიურია, ნაკლებად სახიფათოა და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც უფრო სუფთა, ამიტომაც ბევრი ქვეყანა მიწისქვეშა მაღაროებს ხურავს.

ასეთი რეალობის წინაშე დადგა ქართული მანგანუმის მომპოვებელი კომპანიაც. ფასის გარდა, უკვე წიაღისეულის მარაგებიც მნიშვნელოვნად იკლებს.

ჭიათურას, ალბათ, მალე მოუწევს პროფილის შეცვლა და ალტერნატიული ფუნქციის მოძიება. და აქ ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობას საინტერესო წინადადებები და ინიციატივები შესთავაზოს.


მაგრამ მანამდე მაღაროელებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ და ამ ბრძოლაში პროფკავშირი მის გვერდით დადგა.

ყველაფერი კი რამდენიმე თვის წინ იწყება, როცა მაღაროელებს მაღაროს კარი დახურული დახვდათ. „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანია კი, ვინც მანგანუმის მოპოვებას ოპერირებს, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.  

ეს ნაბიჯი ნიშნავს არა მხოლოდ საწარმოების გათიშვას, არამედ ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას, ქალაქის პარალიზებასა და მთლიანი რეგიონის ეკონომიკურ მოშლას.

ავხსნათ რატომ.

კამპანიის გაკოტრების შემთხვევაში:
მაღაროელები ავტომატურად კარგავენ სამუშაო ადგილებს.
კარგავენ ხელფასს, დაზღვევას, გარკვეული სახის შეღავათებს.
არის რისკი, ვერ მიიღონ ანაზღაურება ადრე შესრულებული სამუშაოსთვის.

ეს მთელი ქალაქის ეკონომიკურ პარალიზებას ნიშნავს: ჭიათურაში ათასობით ოჯახი მხოლოდ მაღაროზეა დამოკიდებული. მაღაროს გაჩერება ჯაჭვური რეაქციით იწვევს მთელი ადგილობრივი ეკონომიკის ჩავარდნას...

და აქ პროფკავშირები გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

  • უჩივლებს სასამართლოში „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილ კომპანიას და მოითხოვს გაკოტრების პროცესის შეჩერებას.

  •  დაიცავს მუშების ინტერესებს სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების დროს.

  • აიძულებს მომპოვებელ კომპანიას მიუბრუნდეს კოლექტიურ ხელშეკრულებას… ამ თემაზე ცოტა ქვემოთ.

  •  და რაც მთავარია – მაღარო არ გაჩერდა, სამუშაო განახლდა, კრიზისი განიმუხტა.

ეს ფორმალური ნაბიჯები არ იყო - ეს იყო რეალური ბრძოლა სამუშაო ადგილებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის.

პროფკავშირმა ამ ბრძოლაში მაღაროელებთან ერთად გაიმარჯვა...

გამარჯვება, მათ შორის, კვალიფიციური მოქმედებების შედეგიცაა.

ახლა კი რაც შეეხება კოლექტიურ ხელშეკრულებას და მის მნიშვნელობას და დანიშნულებას…

ამ ხელშეკრულებას პროფკავშირები მომპოვებელ კომპანიასთან ჯერ კიდევ 2021 წელს გააფორმებს.

ეს იქნება მნიშვნელოვანი და საეტაპო დოკუმენტი, პირველ რიგში, იმ გარანტიების გამო, რომელსაც მაღაროელები მიიღებენ.

პროფკავშირების მიერ შედგენილი და გაფორმებული შეთანხმება იცავს მათ მუშაობის ყველა ეტაპზე:

ისინი აღარ არიან დამოკიდებული მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე.

პროფკავშირებმა მომპოვებელი კომპანია დაავალდებულა უზრუნველყოს მაღაროელები მთელი რიგი ბენეფიტებით… მათ შორის უმუშევრობის შემთხვევაში მაღაროელს შეუნარჩუნოს ხელფასის 60%... ბავშვის შეძენაზე მისცეს ფულადი კომპენსაცია

ამ დოკუმენტშია გაწერილი შრომის პირობები: ანაზღაურება; დასვენების და შვებულების პირობები, გადახდები ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, უსაფრთხოების სტანდარტები, დავების გადაწყვეტის მექანიზმები და სხვა შრომითი უფლებების და ვალდებულებების დეტალები.

ამდენად, ჭიათურა ნამდვილად არის გაკვეთილი, რომელიც აჩვენებს, რამდენად შედეგიანი და ეფექტურია სოლიდარობა, პრინციპულობა, კვალიფიკაცია, როცა ზუსტად იცი მიზანი და ფოკუსი მაღაროელების უფლებების დაცვაზე გაქვს მომართული და არა პოლიტიკაზე.

რადგანაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები და თვითმარქვია უფლებების დამცველები მაღაროელების გაჭირვებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ. მათ ინტერესებში მხოლოდ კონფლიქტის გაღვივება შედის. ამიტომაც კრიზისის გამწვავებაზე არიან ორიენტირებულნი.

პროფკავშირების მსგავსად, მათ სასამართლოს კი არ მიმართეს - გაკოტრების პროცედურის შეჩერების მოთხოვნით; მუშების ინტერესები კი არ დაიცვეს - მათთვის სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შენარჩუნების მოთხოვნით, არამედ ქუჩაში დადგნენ, რადიკალური მოთხოვნები წამოაყენეს, პროფკავშირების თავმჯდომარის გადაყენებაც კი გააჟღერეს, კრიზისის განმუხტვას უშლიდნენ ხელს.

ეს იყო დიდი და სახიფათო პროვოკაცია. თუმცა მაღაროელების გაჭირვებაზე მათ საკუთარი პოლიტიკურ დღის წესრიგი ვერ ააგეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი