შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული გ.ყ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ე.ვ.
სამართვალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის სარგებლობაში არსებული სასაწყობე ფართის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“ „გამომშრალი მარიხუანა“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მასა და „მცენარე კანაფი“.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დათესვა-მოყვანისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |