
„დიდი ხანი - 35 წელი - ისინი იბრძოდნენ და ახლა ისინი მეგობრები არიან და დიდხანს იქნებიან მეგობრები.“ - იტყვის ამერიკის პრეზიდენტი 8 აგვისტოს, თეთრ სახლში გამართულ სამშვიდობო ხელმოწერის ცერემონიის დროს. მას გვერდით დგანან აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერი.
ომი დასრულდა - ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე... როგორი იქნება მშვიდობა, ეს უკვე რეალობაში დაიტესტება... ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ: სამუდამოდ შეწყვიტონ ბრძოლა, დაიწყონ ვაჭრობა, აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას... შეთანხმება გააფორმეს... და უკვე ისიც თქვეს, რომ მხარს უჭერენ ტრამპის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას.
სომხეთის პრემიერი იტყვის, რომ ინიციატივას აქტიურად დაუჭერს მხარს, იქვე დაჯილდოების ცერემონიალზე მიპატიჟების სურვილი და იმედიც გამოთქვა: „იმედი მაქვს, ჯილდოს მიღების ცერემონიაზე მიგვიწვევთ.“
ალიევმა პაშინიანს მხარი დაუჭირა. წარსულში მშვიდობის პრემიები უფრო მოკრძალებული მიღწევებისთვის გაიცემოდაო, იტყვის ის თავის მხრივ.
დონალდ ტრამპი უკვე გეოპოლიტიკური ბრენდი ხდება - ეპატაჟური პერსონა აღარ არის, რომელზეც მედია მუდმივად ხმაურობს.
The Guardian, Time და უკვე ვიკიპედიაც წერენ, რომ ზანგეზურის კორიდორი ამიერიდან ტრამპის სახელს ატარებს - “Trump Route for International Peace and Prosperity”. სახელწოდება უკვე დაფიქსირებულია იმ სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელსაც თეთრ სახლში რამდენიმე საათის წინ ხელი მოეწერა. პოლიტიკური ნათლიის როლში სომხეთის მხარე გამოვიდა.
The Guardian წერს: სწორედ სომხები მოვიდნენ და თქვეს - „ვაპირებთ, რომ დავარქვათ ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“.
The Independent-ის მიხედვითაც, სახელწოდება სომხურმა მხარემ შეარჩია და შესთავაზა.
Associated Press-ი, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყება, რომ „სახელი სინამდვილეში სომხებმა შემოგვთავაზეს“.
Reuters, AP, New York Post და Time ამ დეტალზე არ ჩერდებიან.
თეთრ სახლში შეხვედრამდე ტრამპი აცხადებდა, რომ სომხეთი ზანგეზურის დერეფანს 99 წლით ამერიკულ კომპანიას გადასცემდა.
შეთანხმებაში ასეც ჩაიწერა: ამერიკა ზანგეზურის კორიდორს 99 წლით მიიღებს და მის განვითარებაში 27 მილიონის ინვესტიციას ჩადებს. ამიერიდან ყველა ექსკლუზიური უფლება ამერიკას ექნება.
„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ - ზანგეზურის დერეფანი სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად იმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ყველა სამართლებრივი ნორმა სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად რჩება.
შეერთებული შტატები მიიღებს დერეფნის განვითარების გრძელვადიან ექსკლუზიურ უფლებებს, მათ შორის ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების, როგორიცაა რკინიგზა, ნავთობისა და გაზის მილსადენები, ბოჭკოვანი-ოპტიკური ხაზები და ასე შემდეგ.
ფორმალურად, დერეფნის ტერიტორიაზე შენარჩუნებულია სომხური კანონმდებლობა, მაგრამ ფაქტობრივი მართვა და განვითარება ამერიკულ მხარეს ეკუთვნის. კონსორციუმებიც მან უნდა მოიზიდოს.
ვინ რას იგებს:
-
ამერიკა: რჩება სტრატეგიული კონტროლი სამხრეთ კავკასიაში, ექნება დიდი ეკონომიკური სარგებელი, აღწევს დიპლომატიურ გამარჯვებას რუსეთის ხარჯზე, იღებს სერიოზულ პოლიტიკურ კაპიტალს, და პლუს, ტრამპი იქცევა გეოპოლიტიკურ ბრენდად.
-
სომხეთი: იღებს უსაფრთხოების გარანტიებს, აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, მიიღებს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციებს, კორიდორი რჩება სომხეთის იურისდიქციაში, აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთზე, ჩაერთვება გლობალურ ეკონომიკაში, რაც ნიშნავს ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას.
-
აზერბაიჯანი: სომხეთის გავლით უზრუნველყოფს სახმელეთო და სარკინიგზო კომუნიკაციას როგორც აზერბაიჯანის მთავარ ნაწილსა და ნახიჭევანს შორის, ისე თურქეთთანაც. იღებს ეკონომიკურ სარგებელს, უსაფრთხოებას, აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს სომხეთთან.
ამ ფონზე წაგებული მხარე მხოლოდ რუსეთია: ის კარგავს შუამავლის როლს, სამშვიდობო ძალების სტატუსს და ზანგეზურის დერეფანზე კონტროლს.
არადა, წლების განმავლობაში რუსეთი იყო მთავარი მედიატორი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში - 2020 წელს, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთმა გამოაცხადა.
ახლა კი მას ყარაბაღში განთავსებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივად გამოყვანა მოუწევს.
Trump Route-ის მართვაში, ოპერირებასა ან მოგებაში კი მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |