სტატიები
რატომ ისევ კახა კალაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
931 15 აგვისტო 2025, 19:09


ქეთი ხატიაშვილი

„დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს - ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით.
ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.
მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად - მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი - კახა კალაძე“, - ზუსტად ამ სიტყვებით წარადგენს პრემიერი ირაკლი კობახიძე კახა კალაძეს.

„კახა კალაძემ თავისი 14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი“, - იტყვის ის.

კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს უკვე მესამედ იყრის. უკვე მესამედ.
არადა, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, როგორც წესი, კანდიდატს ცვლიან ხოლმე. მაგრამ არსებობს ოქროს გამონაკლისებიც. ასეთი გამონაკლისი თითქმის ყველა ქვეყნის დიდ ქალაქს ჰყავს.

ნიუ-იორკის შემთხვევაში ეს არის ფიორელო ლა გუარდია.

ამერიკაში ისტორიულად ვადის ლიმიტი არ არსებობდა, ამიტომაც მერის პოზიციას ის 12 წლის განმავლობაში იკავებს - ნიუ-იორკელებს უყვარდათ და სიამოვნებით ირჩევენ. ორი ვადის ლიმიტი მხოლოდ 1993 წელს შემოაქვთ. მაგრამ 2008 წელს, ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის ინიციატივით, კანონში ცვლილებები ისევ შევდის - მას უფლება ეძლევა ნიუ-იორკის მერად კენჭი მესამედაც იყაროს. მოგვიანებით ლიმიტს ისევ აღადგენენ. 

ლიმიტი არც ევროპის წამყვან ქვეყნებში აქვთ დაწესებული – გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბრიუსელი... სხვადასხვა ფორმით, აქაც უსასრულოდ შეიძლება მერად კენჭისყრა.

ასე რომ, კახა კალაძის შემთხვევაშიც მთავარი ის კი არ არის, რომ მერად მესამედ იყრის კენჭს, არამედ ის, რომ მას - მესამე ჯერზე - კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს.

ისტორიას მოკლედ გადავხედოთ:

2017 წელს კახა კალაძე პირველად ადის საარჩევნო რინგზე და მერის ტიტულს პირველივე ტურში იღებს - მას ხმას ამომრჩეველთა 51,09% აძლევს.


მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გადის. ადგილი მეორეა, მაგრამ სხვაობა დიდი - გამარჯვებულ მერს ის ძალიან ჩამორჩება და მხოლოდ 17,49%-ზე ადის.

2021 წელს კახა კალაძე გამარჯვებას მეორე ტურში მოიპოვებს - 55,6%-ით. მისი კონკურენტი ნიკა მელიაა, მაშინ ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, 44,39% დასჯერდება.

თითქოს რაღაც შედეგია... საარჩევნო რინგზე ჯერ ელისაშვილი ჩნდება, შემდეგ - მელია. მაგრამ დრო და პოლიტიკური თამაშები აჩვენებს, რომ ერთიც და მეოც მხოლოდ ერთჯერადი ფიგურები იყვნენ. მათ არ ჰქონდათ უნარი, შესაძლებლობა ან ცოდნა იმისთვის, რომ მიღებული შედეგი - თუ ვერ განავითარებდნენ – შეენარჩუნებინათ მაინც.

ელისაშვილი იმდენად მარგინალია, რომ მხოლოდ „ძაღლივით აყეფებენ“, მელიას კი მხოლოდ ზღაპრებს აყოლებენ. დღეს მათზე ფსონს არავინ დებს.

ოპოზიციას არც ახალი ლიდერი ჰყავს - თუნდაც ერთჯერადი მოხმარებისთვის - და აღარც ძველი ილუზიები დარჩათ. რა არ ვნახეთ მათი შესრულებით, რა სცენა არ გაითამაშეს, რა როლი არ მოირგეს, მაგრამ ასეთი კომედია ჯერ არ უთამაშიათ.

ახლა, ტრადიციულად აცხადებენ: „დღეს ისე, როგორც არასდროს, დიდი ერთობაა საჭირო“ - და თან ვერ პოულობენ გზას, რომელსაც შეიძლება ამ ერთობით დაადგნენ.

პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ემხრობიან - გახარია და „ლელოს“ ბიჭები - ბოიკოტის მომხრეებს დასცინიან... ბოიკოტის მომხრე პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებს აბულინგებენ - სააკაშვილის პოლიტიკური კლასტერი - ორივე ერთად კი ხაბეს ლანძღავს. ის, საერთოდაც, არჩევნების დღეს ხელისუფლების დამხობას აანონსებს - თანაც მშვიდობიანი გზით.

გამოდის, რომ არც არჩევნები უნდათ - იციან, მზად არ არიან და წააგებენ; არც ბოიკოტი აწყობთ - ესმით, რომ ეს უტოპიაა; და აღარც რევოლუციის სწამთ - ხალხი ქუჩაში არ მიჰყვებათ. კარგი გადაწყვეტილება არ აქვთ, იმიტომ რომ გამარჯვებამდე არცერთ გზას არ მიჰყავთ.

კახა კალაძეს ვერაფერს და ვერავის უპირისპირებენ.

მაგრამ თბილისის მოქმედი მერის სიძლიერე ოპოზიციის სისუსტეში არ არის.
კალაძე საკმაოდ ძლიერი ფიგურაა - სპორტშიც ჩემპიონი გახდა და პოლიტიკაშიც.

ბევრწილად იმიტომ, რომ კარგად ესმის გუნდური თამაშის მნიშვნელობა, იცავს სუბორდინაციას, შეუძლია მანევრირება და, რაც მთავარია, საკმაოდ თამამია იმისთვის, რომ ერთგულიც იყოს.

2017 წელს კახა კალაძეს ჯერ კიდევ აქვს ფუფუნება ზომიერ და ნეიტრალურ ელექტორატის ინტერესებზე ფოკუსირდეს.

თუმცა 2021 წელი რადიკალურად განსხვავებულია - ოპოზიცია უკვე იმდენად რადიკალურია, საზოგადოება კი იმდენად პოლარიზებული, რომ მას მკვეთრი პოზიციის დაკავება უწევს.

და ყველა კრიზისულ მომენტში ის გუნდურ მოთამაშედ რჩება და გუნდის ინტერესებს იცავს. არც პრემიერი გიორგი გახარიასავით შეეშინდება და არც სხვა ფიგურების მსგავსად კულუარულ გარიგებებში შედის.

უკრაინის ომის შემდეგ ძალიან ცხად პოზიციას დაიკავებს მეორე ფრონტის გახსნაზეც, უცხოელ ელჩებზეც, ევროკრატებზეც, „დიფსტეიტზეც“, სანქციებზეც. ფიქრობს, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ქვეყანამ მშვიდობა უნდა შეინარჩუნოს, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რომ დაასანქცირონ.

არ იქნება მომენტი, როცა მას გუნდის პოზიციის გაზიარება ან დაცვა უჭირს. საკმაოდ გაბედულია ერთგულებისთვის და საკმაოდ აქტიური - გამარჯვებისთვის.

და სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს - გუნდური თამაში „ქართულ ოცნებაში“ ბევრმა ვერ შეძლო, ამიტომაც ვერც პოზიციები და ლიდერობა შეინარჩუნა. ზოგი თამაშიდან გავიდა, ზოგმა პოლიტიკა დატოვა.

კახა კალაძე კი ისევ მერობისთვის ემზადება - იმ გუნდთან ერთად, რომელთანაც 2012 წელს გაიმარჯვა. სხვათა შორის, მაშინ ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. და ლიდერობის ამ ნომერს დღემდე ინარჩუნებს - ამჯერად როგორც საქართველოს დედაქალაქის მერი და მერობის კანდიდატი. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი