ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებს ვუკაპიტნებდი. მომეცა საშუალება, გუნდი დღეს მოედანზე გამეყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ბულგარეთის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შესახებ მან პირველ არხთან ისაუბრა.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებს ვუკაპიტნებდი. მომეცა საშუალება, გუნდი დღეს მოედანზე გამეყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენც მოვიგეთ და კალათბურთელებმაც.
მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, წვიმაში ჩვენთან დარჩნენ. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, გოლების გატანა უნდა გავაგრძელოთ, მე და მიქაუტაძე გოლებით საქართველოს ნაკრებს ვეხმარებით და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პირველ და ვინ მეორე ადგილზე.
ეს გამარჯვება გვჭირდებოდა, რადგან ქულები დავაგროვოთ. ასევე ვაჩვენეთ ძალიან კარგი თამაში, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
კვარაცხელიამ ეროვნულ ნაკრებს პირველად უკაპიტნა, რადგან გურამ კაშია სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |