საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მომხდარი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მათზე ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ბრალდებულმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონის წაართვა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |