ბაქოში გაიმართა აზერბაიჯან–საქართველოს მედიაფორუმი თემაზე: „მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.
ღონისძიების გახსნისას მედიის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად ისმაილოვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემატური გაფართოება, მედიასუბიექტებს შორის ურთიერთნდობის განმტკიცება და საერთო საკომუნიკაციო დღის წესრიგის ფორმირება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.
როგორც მან აღნიშნა, გაციფრულება და სოციალური მედიის პლატფორმების სწრაფი განვითარება მნიშვნელოვნად აძლიერებს ინფორმაციის ნაკადს, კიდევ უფრო ზრდის პროფესიონალური მედიის როლსა და აუცილებელს ხდის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის უფრო ეფექტურად განხორციელებას.
ფორუმის ფარგლებში პირველი პანელური სესია დაეთმო თემას „მედიაეკოსისტემის გაძლიერება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. პანელში, რომელსაც აუდიოვიზუალური საბჭოს აპარატის უფროსი, ფაზილ ნოვრუზოვი უძღვებოდა, მონაწილეობდნენ ტელეარხ ARB 24-ის აღმასრულებელი დირექტორი რადიკ ისმაილოვი, ქართული გადაცემის Eurocracy – Former Europe წამყვანი იოანე შაიშმელაშვილი, მედიის განვითარების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ადილ ტაგიევი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი რამილია ალიევა.
პანელის ფარგლებში ფართოდ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ტექნოლოგიური ევოლუციის მრავალმხრივი გავლენა მედიაგარემოზე, საიმედო საინფორმაციო გარემოს დაცვა, სოციალური მედიის ინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გარდაქმნა, ასევე ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით სხვადასხვა აუდიტორიასთან უფრო ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
მეორე პანელურ სესიას თემაზე „ერთობლივი თანამშრომლობა ჟურნალისტების პროფესიონალიზმისა და საზოგადოების მედიაწიგნიერების ამაღლების საქმეში“ უძღვებოდა მედიის განვითარების სააგენტოს ნახიჩევანის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ვაფა ისგანდეროვა. სიტყვით გამოვიდნენ სააგენტოს მედიის მხარდაჭერის პროექტების, სტრატეგიული დაგეგმვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი ლამან ისგანდაროვა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი მაია პაჭკორია, მულტიმედიური ცენტრის ხელმძღვანელი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი ვუგარ ზიფაროღლუ, ასევე ქართული ტელეარხის, POSTV-ის ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი გია აბაშიძე, რომლებმაც პანელური სესიის მონაწილეებს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს ჟურნალისტების პროფესიონალიზმის ამაღლების, საზოგადოების მედიაწიგნიერების გაუმჯობესებისა და ამ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის როლის შესახებ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |