ბატონი შერგელაშვილი, ფიგურირებს და ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან ამ სპეცოპერაციის ფიგურანტები.
„ერთ-ერთი არის ბატონი შერგელაშვილი, რომელიც სხვა სისხლის სამართლებრივ საქმეშიც ფიგურირებს და კონკრეტულად ეს არის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმე, 4 ოქტომბრის საქმე. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, როდესაც ეყრდნობა ცნობილ მამა-შვილს და ა.შ, აღარ მინდა გავაგრძელო, როდესაც ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში და „ბიბისიში“ შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობა ამის კიდევ ერთ მორიგი დასტურია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, უწყების გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული ანივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ის განცხადებით, შსს-ს „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ არასდროს შეუძენია.
ამასთან, როგორც სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა „ბიბისის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები. ლაშა მაღრაძის თქმით, აღნიშნული პირის მიმართ სუს-ში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |