ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმაზე საუბრისას.
რეფორმის თანახმად, ქვეყანა 11-წლიან სწავლაზე 2027–2028 სასწავლო წლიდან გადავა, თუმცა ნებაყოფლობითი იქნება მე-12 კლასი. 11 კლასის დასასრულს, მარტში ყველა სწავლის გაგრძელების მსურველს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდეს.
„არავის, არასდროს არ უთქვამს, რომ მეთორმეტე კლასი არ იქნება. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის განხილვის საგანი. ამავდროულად ვამბობთ, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას. შევარჩევთ კონკრეტულ სკოლებს, იქ გავხსნით მეთორმეტე კლასებს და უზრუნველვყოფთ, რომ მათ მეთორმეტე კლასშიც მიიღონ განათლება და ჰქონდეთ არა მხოლოდ თერთმეტი კლასის დამადასტურებელი ატესტატი, არამედ თორმეტი კლასის დამადასტურებელი ატესტატიც”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
რეფორმის მიხედვით, მე-11 კლასი პროფილური ანუ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი წელი იქნება. მოსწავლე მხოლოდ იმ საგნებს ისწავლის, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდება.
„სკოლა არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც სრულ ზოგად განათლებას უნდა აძლევდეს და მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს საჭიროება, რომ კერძოდ მოემზადოს, რათა დაძლიოს ეროვნული გამოცდების ეტაპი. შემოგვაქვს მეთერთმეტე კლასში ე.წ რეპეტიტორიუმი, რაც გულისხმობს შემდეგს: მოსწავლე თავისი გადაწყვეტილებით აირჩევს კონკრეტულად იმ საგნებს, რომლის ჩაბარებასაც აპირებს ეროვნული გამოცდების პროცესში. მთელი წლის განმავლობაში იმ რამდენიმე საგანში გაძლიერებული და სიღრმისეული სწავლება მოხდება, დიდ ფინანსურ წნეხს მოუხსნის აბიტურიენტთა ოჯახებს და ამავდროულად ჩვენ მოსწავლეებს დავაბრუნებთ სკოლაში”, - განმარტავს მინისტრი.
გივი მიქანაძის განცხადებით, რეფორმის დეტალურად გასაცნობად დეკემბერ-იანვარში მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება.
„განვიხილავთ, შევჯერდებით პოზიციებზე და ამის შემდეგ დოკუმენტს წარვადგენთ მთავრობაზე, მთავრობის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში დავიწყებთ აღსრულებას”, - აღნიშნავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |