რატომ ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან - გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა BBC-ის ფილმთან დაკავშირებით.
„იმ გამოხმაურებების ფონზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ეს ნიშნავდა, რომ ეს იყო კარგად დაფინანსებული, ორგანიზებული და სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს მოქალაქეები. გამოძიება ბევრი მიმართულებით მუშაობს და მათ შორის უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით - რატომ ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |