ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გარკვეული ძალებისთვის მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 11 დეკემბერი 2025, 00:16

ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, სწორედ ამიტომ ჩვენ ბევრ საკითხზე კომპრომისებზე წასვლა მოგვიწია და ეს კომპრომისები იყო ზუსტად იმ კრიტიკის, თუ იმ თავდასხმების საფუძველი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ბოლო პერიოდში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

„სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება გახდა გარკვეული ძალებისთვის მიუღებელი. ეს მარტივია - ჩემი ეროვნული ინტერესი, სავსებით შესაძლებელია, რომ არ მოდიოდეს თანხვედრაში სხვების ეროვნულ ინტერესებთან და სწორედ აქ იწყება ერთგვარად კონფლიქტი, მაგრამ ამ კონფლიქტში მე ვარ მართალი, იმიტომ, რომ მე ვიცავ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს ხელისუფლება თავის პოლიტიკას აყალიბებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი წლები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით, იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირს რუსეთთან დაპირისპირება მოუწევს, - მაკა ბოჭორიშვილმა ასე უპასუხა:

„გეოპოლიტიკური მოცემულობიდან, ისტორიიდან და იდენტობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ევროკავშირთან ასოცირება და ევროკავშირში ინტეგრაცია სულ სხვა მნიშვნელობის საკითხია და რა თქმა უნდა ამის შეცვლა ვერ და არ მოხდება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ კარგად უნდა ვადევნოთ თვალი იმას, თუ როგორ განვითარდება თავად მოცემულ სიტუაციაში ევროკავშირი, როგორც ევროპის სახე. მეორე მხრივ, ისტორიას თუ გადავხედავთ, არის იმის კარგი მაგალითები თუ როგორ ხდებოდა ადაპტაციაც, ცვლილებაც, გარკვეული მოდიფიკაციაც, თუმცა ეს მოდიფიკაციები სწორად უნდა იყოს იმ გამოწვევებთან შესაბამისობაში, რაც დღეს დგას ევროკავშირის წინაშე. თუკი არ მოხდება რეალური ანალიზი ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების, რა თქმა უნდა რთული იქნება სწორად მოდიფიკაცია და სწორად რაღაცის შეცვლაც და ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოება შეძლებს სწორად გააანალიზოს ის, რა გამოწვევების წინაშეც დგას დღევანდელი ევროპა და ასე მოხდება სწორედ ევროკავშირის პოლიტიკის მოდიფიკაციაც და ცვლილებაც“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი