აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელთა შორისაც დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 13 დეკემბერი 2025, 14:43
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელთა შორისაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის.

ერთ-ერთ ფოტოზე ტრამპი ექვს ქალთან ერთადაა გამოსახული, რომელთა სახეები მასალების გამოქვეყნებამდე კომიტეტმა რედაქტირების შედეგად დაფარა.

კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრმა რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ „95 ათასზე მეტი ფოტო მიიღეს, მათ შორის მდიდარი და გავლენიანი მამაკაცების ფოტოები, რომლებიც ჯეფრი ეპშტეინთან ერთად დროს ატარებდნენ“.

გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასევე გამოსახულია ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, მილიარდერი ბილ გეითსი და სხვა ცნობილი ადამიანები.

„დემოკრატების“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ განსაკუთრებული არაფერია.

„მე ჯერ არ მინახავს, მაგრამ ამ ადამიანს [ჯეფრი ეპშტეინს] ყველა იცნობდა. ის პალმ ბიჩზე ყველგან იყო და ფოტოებიც ყველასთან, ასობით ადამიანთან აქვს გადაღებული. ასე რომ, ამაში განსაკუთრებული არაფერია“, - თქვა ტრამპმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი