ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მედია სიდნეის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულთა შორის არის ბავშვიც. მსხვერპლთა ასაკი 10-დან 87-მდე მერყეობს. 42 დაშავებული საავადმყოფოებში რჩება.
სამართალდამცველების ცნობით, იდენტიფიცირებულნი არიან დამნაშავეები. ისინი მამა-შვილი არიან, 50 წლის მამა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სროლის შედეგად მოკლეს. 24 წლის შვილი კი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.
პოლიციამ დაადგინა, რომ 50 წლის ბოროტმოქმედს იარაღი ლეგალურად ჰქონდა. მის სახელზე რეგისტრირებული იყო ექვსი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზეს თქმით, მომხდარი მიზანმიმართული და წინასწარი განზრახვით ჩადენილი ბოროტება იყო, რომლის სამიზნეც ებრაული თემი გახდა.
სამართალდამცველები დანაშაულის მოტივს ამ დრომდე ადგენენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |