759
08 იანვარი 2026, 17:14
ქეთი ხატიაშვილი
როგორც დაიწყეს, ისე დაასრულეს…
მთელი წელი თითქოს იმოძრავეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ იტრიალეს.
მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი რა გზავნილითაც იწყებს 2025 წელს, იმავე ნარატივით ასრულებს.
დასაწყისში თქვა, ხელისუფლებას ორი გზა აქვს: ან ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, ან კრიზისი გააღრმავოს…
„დღეს მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ერთი, რომ ეს რეალობა დაინახოს, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე… მეორე ვარიანტი ბევრად უფრო ძნელი და რთულია ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მმართველი პარტია თავის ბოლომდე დაშლას დაელოდოს.“
ბოლოში იგივე სულისკვეთებით ასრულებს, ამბობს, რომ ახლა მზად არიან იმისთვის, რომ ხელისუფლება წავიდეს…
„ჩვენ მზად ვართ, რომ ეს რეჟიმი წავიდეს მშვიდობიანად, დაგვემშვიდობოს ისე, როგორც ეს წელი დაგვემშვიდობება.“
ორივე ამ „წინასწარმეტყველურ“ განცხადებას ის ქუჩიდან აკეთებს - ადგილმდებარეობასაც კი არ იცვლის - პარლამენტის წინ დგას.
თემა არ იცვლება - ხელისუფლებაში უნდათ, რომ მოვიდნენ; ადგილი არ იცვლება - ქუჩაში უნდათ, რომ დარჩნენ; მოლოდინი არ იცვლება - ისევ ბრიუსელის სასწაულის სწამთ.
ძალას იქ ხედავენ და არა აქ…
მოკლედ, როგორც დაიწყეს - ხელისუფლება არალეგიტიმურია, გამოსავალი ქუჩაა და გადამწყვეტ სიტყვას დასავლეთი იტყვის - იმავე გზავნილით დაასრულეს… ვერ გრძნობენ, რომ ეს ჯადოსნური წრეა.
გამოდის, ეს სტრატეგია კი არა, ჩვევაა.
2026 წელსაც, ალბათ, პოლიტიკურ ლოცვებს გააძლიერებენ, ბრიუსელმა რამე განსხვავებული რომ მოიფიქროს.
და ეს ერთადერთი წრე არ არის, რომელზეც ისინი ტრიალებენ. გაერთიანების იდეაც უკვე დიდი ხანია ასეთ ჯადოსნურ წრედ იქცა.
ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, 2020 წლიდან მოყოლებული გაერთიანება და ერთობა ოპოზიციის მთავარი ფრაზებია:
„ახლა არ არის დაყოფის დრო“,
„საერთო მიზნისთვის საჭიროა ერთობა“,
„პირადი ამბიციები გვერდზე გადავდოთ“.
ყოველთვის, როცა კრიზისში არიან, ამ გზავნილებს უშვებენ.
დროებით კოორდინაციას ახერხებენ, მაგრამ შიდა უთანხმოების გამო, მალევე ისევ იშლებიან.
ასე იყო 2020 წელს, როცა ბოიკოტი გამოაცხადეს; მერე, 2021 წელს, როცა შარლ მიშელის შეთანხმება გააფორმეს; შემდეგ, როცა 2022 წელს უკრაინის ომი ფონად გამოიყენეს, ბოლოს, როცა 2023 წელს სტატუსის მოლოდინი შექმნეს; მერე, 2024 წელს, როცა საარჩევნო ციკლში შევიდნენ; შემდეგ, 2025 წელს, როცა ქუჩის აქციებიდან ვერ გამოვიდნენ; და ბოლოს, ახლა, 2026 წელსაც, იგივე სტრუქტურით წავლენ…
გამოდის, მათ საერთო ხედვა ან ერთიანი სტრატეგია კი არ გააჩნიათ, არამედ, რეაქცია კრიზისზე.
ქუჩა მათი რეაქციური პოლიტიკის ერთ-ერთი ფორმაა.
ასე ცდილობენ შექმნან ემოცია, რომელიც უფრო იმ იმედს ჰგავს, რომელსაც სიკვდილის უფლებას არ აძლევენ. თორემ სიცარიელეს ის, ბუნებრივია, ვერ ავსებს, ალტერნატივას ვერ ქმნის, სტრატეგიას ვერ სთავაზობს…
სამაგიეროდ, აქვთ საბაბი რამით მაინც იამაყონ… რეაქციით რომ ამაყობენ და არა შედეგით, ეს უკვე ნიშნავს ილუზიაში ყოფნას.
ილუზიები თვითდამშვიდების ფორმა ხდება. გაერთიანების იდეა ერთ-ერთი ასეთია.
მხოლოდ 2025 წელს ოპოზიცია - სულ მცირე სამი სხვადასხვა წერტილიდან - ყვირის: უნდა გავერთიანდეთ!
პირველი არის ლეგიტიმაციის წერტილი. აქ სალომე ზურაბიშვილი მთელი წელი იბრძვის იმისთვის, რომ საკუთარი თავი ლეგიტიმაციის ალტერნატიულ წყაროდ წარმოაჩინოს. ყველა უნდა დადგეს ჩემს გვერდით - ეს მისი ერთადერთი მოთხოვნა და ამბიციაა.
მეორე არის მსხვერპლის წერტილი. პარლამენტის ნაცვლად ციხეში წასვლა, მათი პოლიტიკური არგუმენტი ხდება. ასეთი მსხვერპლშეწირვა ეფექტს ახდენს, მაგრამ პროცესს ვერ ქმნის.
მესამე არის მშვიდობიანი დამხობის წერტილი. ამ იდეის მიმდევრები დარწმუნებულნი არიან რომ ძალაც შესწევთ და უნარიც აიღონ ძალაუფლება. ეს უფრო სურვილია, ვიდრე რეალური რესურსი - ამბოხებას არც ორგანიზაციული სტრუქტურა ექნება და არც ერთიანი მართვის ცენტრი.
საბოლოოდ, ეს სამი წერტილი ერთობას კი არ ქმნის, არამედ ერთობის ილუზიას. ნათლად აჩვენებს: ოპოზიცია სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობს, სხვადასხვა ლოგიკით მოქმედებს და არც საერთო სტრატეგია გააჩნია.
სწორედ ამიტომ, ერთობაც მათთვის მოჯადოებულ წრეზე ტრიალია და არა პოლიტიკური სტრატეგია.
„ქართული ოცნება“ კი ყოველთვის წინ მიდის და დასახულ მიზნებს აღწევს.
მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, რთული გამოწვევების მიუხედავად, ხელისუფლება ყველა მის მიერ დასახულ ამოცანას აღწევს.
უკრაინის ომის, რეგიონული არასტაბილურობისა და გლობალური ინფლაციის პირობებში ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას და სტაბილურობას.
არჩევნების შემდეგ მინიმუმამდე დაჰყავს ქუჩის პოლიტიკური გავლენა, ანეიტრალებს ხელისუფლების შეცვლის არაელექტორალურ სცენარებს, ინარჩუნებს ლეგიტიმაციას.
ამავე დროს დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობების მართვასაც ახერხებს, ისე, რომ ქვეყანა სისტემურ კრიზისში არ შედის.
2025 წელი აჩვენებს - „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ლოზუნგებით ვერ მოუგებ. მის დასამარცხებლად საჭიროა იყო უფრო უკეთესი, უფრო ჭკვიანი და შედეგზე ორიენტირებული.
ემოცია, ყვირილი და მუდმივი პროტესტი ძალაუფლებას აღარ ცვლის.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |