Spiegel: ევროკავშირის დასასრული უკვე ტაბუ აღარ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 10 იანვარი 2026, 16:09

გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს, რომ საუბრები ევროკავშირის დასასრულის შესახებ უკვე ტაბუირებული აღარ არის.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რაც უფრო მეტად იზრდება წნეხი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მხრიდან, მით უფრო ბევრი ადამიანი ევროკავშირში ევროპის გადარჩენის გზას ხედავს, თუმცა „დაღლილ კავშირზე ყურებისას, იმედები პრაქტიკულად იწურება“.

ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ევროპამ ტრამპსა და პუტინს წინააღმდეგობა სუვერენიტეტის სიმტკიცით უნდა გაუწიოს, თუმცა არავითარი ევროპა არ არსებობს, რომელიც ერთ ხმაში ლაპარაკობს.

როგორც Spiegel-ის სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან ბევრს საკვანძო საკითხებში. ასე, მაგალითად, უნგრეთში ხელისუფლებაში იმყოფება ვიქტორ ორბანი, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას უპირისპირდება, და ტრამპი მას მოკავშირედ განიხილავს.

პოლონეთში, იტალიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში ხელისუფლებაში მემარჯვენე პოპულისტები არიან, რომლებიც ევროკავშირს აღიქვამენ არა, როგორც პოლიტიკურ თანამეგობრობად, არამედ დესტრუქციულ ძალად. საფრანგეთში პრეზიდენტად შეიძლება მოვიდეს ნაციონალისტი, მაგალითად პოლიტიკოსი ჟორდან ბარდელა.

გამორიცხული არ არის, რომ გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაინდელი მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელიც ევროკავშირიდან გასვლას ლამობს. სტატიის ავტორი წერს, რომ საფრანგეთის „ეროვნულ გაერთიანებას“ და გერმანიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოლიტიკური, საკადრო და ფინანსური კავშირები აქვთ დამყარებული რუსეთთან.

გამოცემაში მიმოხილულია, თუ როგორ შეიქმნა ევროკავშირი. „რომ გავიხსენოთ, როგორ იქმნებოდა ევროკავშირი, დღევანდელი სიტუაცია გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს. ევროპა იწყებოდა, როგორც მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე აღმოცენებული ეკონომიკური პროექტი - თავდაპირველად ახალგაზრდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საფრანგეთს შორის. სავაჭრო და სამრეწველო ინტეგრაცია გერმანელების შესაკავებლად იყო, რომლებმაც მანამდე კონტინენტი გააღარიბეს. მოგვიანებით, აღნიშნული კავშირი სამშვიდობო პროექტად იქცა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. ევროპა კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების პირობას იძლეოდა“, - წერს სტატიის ავტორი.

„2010 - 2015 წლების ევრო კრიზისმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ევროპული სოლიდარობა. გერმანიაში იზრდებოდა შიში „ტრანსფერების კავშირის“ მიმართ, შიში იმის მიმართ, რომ მათ უსასრულოდ მოუწევდათ სხვის ნაცვლად ფულის გადახდა. გაზეთებში ხშირად ისმოდა სტერეოტიპები თითქოს და ზარმაცი სამხრეთ ევროპელების შესახებ“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი