ამერიკელ კანონმდებელთა ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნატოს წევრ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე შეჭრის შესაძლებლობა აღუკვეთონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ეს ეხება ჩვენს ფუნდამენტურ საერთო მიზნებსა და ჩვენს ფუნდამენტურ უსაფრთხოებას - არა მხოლოდ ევროპაში, არამედ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც“, - განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა, რომელიც კანონპროექტის ინიციატორია კონგრესმენ დონ ბეკონთან, სტენი ჰოიერთან და ბრენდან ბოილთან ერთად.
კიტინგის თქმით, კანონმდებლები ორშაბათს საღამოს დაიწყებენ კანონპროექტისათვის მხარდაჭერის მოპოვებას და იმედოვნებენ, რომ ინიციატივას მეტი „რესპუბლიკელი“ შეუერთდება.
კოლეგებისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც გამოცემა POLITICO-მ მოიპოვა, კიტინგმა კანონმდებლებს განუცხადა: „ეს კანონპროექტი მკაფიო პოზიციას აფიქსირებს მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ და კიდევ უფრო მეტად უჭერს მხარს ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |