აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე მათი კონტენტის მოდერაციის გლობალური წესების შესაცვლელად, რაც პირდაპირ აზიანებს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.
„რამდენიმე წელია, ევროკომისია ახორციელებს ამერიკული კონტენტის ცენზურას სოციალური მედიის პლატფორმებზე ზეწოლის გზით, რათა მათ შეცვალონ თავიანთი კონტენტის მოდერაციის გლობალური პოლიტიკა. თუმცა, ის ამაზე არ შეჩერებულა: მტკიცებულებები აჩვენებს, რომ არაერთ შემთხვევაში ევროკომისიის ხელმძღვანელობა პირდაპირ ახდენდა ზეწოლას პლატფორმებზე, რათა მათ ცენზურა დაეწესებინათ კონკრეტული ამერიკული კონტენტისთვის ისეთ თემებზე, როგორიცაა COVID-19 და აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
ეს არის უცხოური აქტორის მხრიდან ამერიკული გამოხატვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ დისკურსში უპრეცედენტო შეჭრა, რაც სრულიად მიუღებელია. ფაქტები ერთ დასკვნამდე მიგვიყვანს: ევროკომისია ცდილობს გვერდი აუაროს პირველ შესწორებას და ცენზურა დააწესოს იმ ამერიკულ სიტყვაზე, რომელიც არ შეესაბამება მისთვის სასურველ ნარატივებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |