ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ტურნირი დაიწყო. ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საგარეო სამქეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრნენ.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტი და მინისტრი გუნდური ტურნირის მიმდინარეობისას ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოსაც შეხვდნენ.
გუნდური ტურნირის პირველ დღეს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 77,54 ქულა დაიმასახურა და მეორე ადგილზე გავიდა, სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში 78.97 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილს დასჯერდა, ქალთა ინდივიდუალურ კატეგორიაში კი ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 67.79 ქულა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა.
7 თებერვალს გუნდური შეჯიბრების დროს მაყურებლის წინაშე ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამით წარდგება, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი კი თავისუფალ ცეკვაში იაპსარეზებს.
დღეს კი მილანის „სან-სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელზეც საქართველოს მედროშეები - ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან.
მილან-კორტინის ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებში საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |