შეხვედრაზე გვქონდა შეთავაზება, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო და თუნდაც ორი წლის, ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმსჯელოს, ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა საკითხზე იმსჯელებს.
„დღეს გამთენიისას დავბრუნდი, რის გამოც ჩემი უშუალო ჩართულობა პროცესში, რომელიც კონკრეტული უნივერსიტეტების აკადემიურ წრეებთან შეხვედრებს ეხებოდა, ვერ ხერხდებოდა. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად და ყოველსაათობრივად კომუნიკაციაში ვიყავი სამინისტროსთან, ასევე კომუნიკაცია მქონდა ორივე უნივერსიტეტის რექტორთან. ზუსტად ვფლობდი იმ ინფორმაციას, რომელიც მიმდინარე პროცესებთან იყო დაკავშირებული. დღეს შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, 20-20 წარმომადგენელი ესწრებოდა თითოეული უნივერსიტეტიდან. ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების სისტემა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უმაღლესი განათლების სისტემა დგას გამოწვევების წინაშე. ყველა ვთანხმდებით, რომ რეფორმა აუცილებელი, უმნიშვნელოვანესია და განსახორციელებელია. ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებლად გასატარებელია ის საკითხები, რაც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, რადგან მის შედეგს სასიცოცხლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. მქონდა შესაძლებლობა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის მომესმინა, გამეგო მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩემგან იყო კონკრეტული წინადადება, შეთავაზება იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული.
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე კვირაში პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარეა. ცვლილებები პარლამენტმა მიიღო და უკვე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილია, რაც ნიშნავს, რომ უკვე ძალაშია შესული სამართლებრივი საფუძვლები, ის, რაც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით იყო წარდგენილი. შესაბამისად, ერთ-ერთი ნორმა ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ეხება ზოგადად რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას, რა დროსაც მინისტრის მიერ ინიშნება დროებითი რექტორი, დროებითიო რექტორის მოადგილეები, კანცლერი. ასევე მმართველ ორგანოდ ხდება ჩამოყალიბება, ეს არის დროებითი საბჭო. ორივე უნივერსიტეტის მხრიდან პარიტეტული წესით, თანაბარი რაოდენობით უნდა მოხდეს საბჭოს დაკომპლექტება. ამ საკითხზე გვქონდა შეთავაზება, რომ ჩამოყალიბდეს საბჭო ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან. მათ წარადგინონ კანდიდატურები, თუმცა რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს არა რამდენიმე თვით, არამედ თუნდაც ორი წლის, ორწლინახევრის განმავლობაში განხორციელდეს. პროგრამების დადარება, შესაბამისი ადამიანური რესურსების გადანაწილება – უამრავი საკითხია, რომელიც რეორგანიზაციის პროცესთან და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული.
შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც ორი წლის, ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც რეფორმის პროცესისთვის მთლიანად გვაქვს განსაზღვრული, იმსჯელოს ამ საკითხებზე, ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ამ პროცესით კი არ წავიდეთ, არამედ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას რასაც მიიღებს, ისე განვახორციელოთ შემდგომი ნაბიჯები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში, ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ეს შეხვედრა, დიალოგი უმნიშვნელოვანესი იყო. ჩემი მხრიდან გაკეთდა თხოვნა, რომ ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გააანალიზოს მხარეები, რომლებიც დაკავშირებულია რეფორმის განხორციელებასთან, იმსჯელოს მათ მიზანშეწონილობაზე. პარალელურად, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ იმ პოზიციებს, რაც გამოთქმულ იქნა, ვისმჯელებთ, რა შეიძლება დამატებით შევთავაზოთ საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით.
ვინაიდან საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაშია, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, შევთავაზეთ, დროებითი მმართველო ორგანო საბჭოს სახით ჩამოვაყალიბოთ, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან პროპორციულად. ამასთან დაკავშირებით ვთხოვე, იმსჯელონ, იფიქრონ საკითხზე და დაგვიბრუნდნენ პასუხით. მათი მხრიდან ასევე იყო შემოთავაზება, რომ ჯერ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იყოს პროცესები და შესაბამისი დასკვნა თუ იქნება, შემდეგში გადავიდეს რეორგანიზაციის ნაწილში. მათი თხოვნა იყო, რომ ამ საკითხზე გვემსჯელა. ჩემი მხრიდან ხაზგასმული იყო, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს, მათი მხრიდან გამოთქმულ პოზიციებს კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ გუნდში, ვიმსჯელებთ ამის თაობაზე და გვექნება ხედვა, ვიფიქროთ, კიდევ რა შეიძლება შევთავაზოთ ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, ჟურნალისტებმა გივი მიქანაძეს კითხვა დაუსვეს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ რატომ არ უთქვამს, როდესაც ორი კვირის წინ ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა, რაზეც მიქანაძემ უპასუხა:
„ორი კვირის წინ ტექნიკურ უნივერსიტეტში როდესაც ვიყავი, იყო საიუბილეო ღონისძიება, სადაც სიტყვითაც გამოვედი, მივულოცე და კიდევ ერთხელ აღვნიშნე იმ დამსახურების შესახებ რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ქვეყნის წინაშე. მადლობა გადავუხადე აკადემიურ პერსონალს და აღვნიშნე ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც შეტანილი აქვს ქვეყნის აღმშენებლობის ნაწილში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ განხილვები გვქონდა იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც განსაკუთრებით დეკემბრის ბოლოს სამინისტროში ჩატარდა, როდესაც 19-ვე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შევხვდით. შევეცადეთ დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთხელ გაგვევლო მათთან ერთად, მათი საქმიანობის, მიმართულების თაობაზე. ამავდროულად, რეფორმის მიზნებიდან და იმ კონცეფციიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპს, გვემსჯელა, როგორ იქნებოდა ყველაზე ეფექტიანი პროცესის წარმართვა, რათა ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული. შედეგი არის ხარისხის ამაღლება. ამავდროულად, განგვეხორციელებინა მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ისე კონსოლიდირება, რომ ხარისხის გაუმჯობესებაზე ყოფილიყო ორიენტირებული. ისევე როგორც, როგორ გაგვეკეთებინა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლის შენარჩუნება. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი ღირებულია“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |