8
08 თებერვალი 2026, 02:33
ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობას თავისუფალი პროგრამით შეუდგა.
მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღის ბოლოს სპორტულ ცეკვებში ვიხილეთ დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი.
საქართველოს წარმომადგენლებმა თავისუფალი პროგრამა სუფთად შეასრულეს და მსაჯებისგან 117.82-ქულიანი შეფასება მიიღეს, რამაც მათ მეოთხე ადგილი მოუტანა. რაც შეეხება გუნდურში გამომუშავებულ ქულებს, საქართველოს ნაკრებმა თავისი მონაგარი 7 ქულით გაზარდა და საერთო ჩათვალში ამ მომენტისთვის 32 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. 44 ქულით პირველზეა აშშ-ის გუნდი, შემდეგ მოდის იაპონია (39), იტალია (37) და კანადა (35).
8 თებერვალს, თავისუფალი პროგრამით დაიხურება გუნდური ასპარეზობა. თავისუფალში გამომუშავებული ქულებით გამოვლინდებიან მედალოსნებიც.
საქართველოდან სარბიელზე გავა ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი, ქალთა ერთეულებში თავისუფალ პროგრამას შეასრულებს ანასტასია გუბანოვა, ვაჟებში - ნიკა ეგაძე. სწორედ მათი შედეგები იქნება იმის განმსაზღვრელი, მოხვდება თუ არა საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები მედალოსნებში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |