ვისაც რა უნდა აპროტესტოს, რამდენ ხანსაც უნდა აპროტესტოს, მაგრამ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის და ფაშიზმის საშუალებას არავის მივცემთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების” მისამართით 14 წელია, ერთი და იგივე ბრალდებები ისმის.
„2022 წლიდან 5 რევოლუციის მცდელობა იყო. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გამოდიოდა და რევოლუციებს ითხოვდა, თუ გულწრფელი იქნება საკუთარ თავთან, მიხვდება, რომ სისულელის გამო გამოჰყავდათ. ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდი გარემო, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მართვის საშუალება მშვიდ გარემოში, რათა გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება, რომ იმ ადამიანებმა, ვინც არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ძალიან მალე დაძლიონ სიღარიბე. უკვე ერთ ნიშნულიან მაჩვენებელზე ვართ ჩამოსულები, რა თქმა უნდა მაინც დიდი რიცხვია ამ ეტაპზე, მაგრამ ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ 4% იქნება ეს მაჩვენებელი, უნდა გვაცადონ”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ რევოლუციის მცდელობების გარეშე საქართველოს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა.
„მართალია უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს ევროპის მასშტაბით, მაგრამ ეს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა რევოლუციის სცენარები. ვისაც რა უნდა, აპროტესტოს, რამდენ ხანსაც უნდა, აპროტესტოს, მაგრამ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის და ფაშიზმის საშუალებას არავის მივცემთ. პოლიციელს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს, ნუ ესვრის პიროტექნიკას. სალომე ზურაბიშვილზე აღარ მაქვს საუბარი - ნურავინ ნუ დაირქმევს, რომ არის პრეზიდენტი, მეფე ან ასე შემდეგ. სხვათა შორის წაუშლია ფეისბუქიდან, ეტყობა მიხვდა, რომ პრეზიდენტი არ არის. გვინდა, რომ მშვიდად ვმართოთ ქვეყანა, რომ სიღარიბე იყოს დაძლეული, რომ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ვუპასუხოთ ისე, როგორც ვპასუხობთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გავატაროთ რეფორმები, შემოვიდეს ინვესტიციები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |