44
09 თებერვალი 2026, 09:35
მილანი/კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებამდე ცოტა ხნით ადრე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები გახდნენ ვაჟთა ერთეულებში ნიკა ეგაძე, წყვილებში კი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიური ლიცენზიებიც სრულად მოიპოვა და ოლიმპიურ სარბიელზე გუნდურში ასპარეზობის უფლებაც. ყოველივეს გათვალისწინებით, საქართველოს ოლიმპიური გუნდი ზამთრის ოლიმპიური თამაშებს გარკვეული ამბიციით ესტუმრა - გაეუმჯობესებინა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე გუნდურში დაკავებული მეექვსე ადგილი, საუკეთესო ხუთეულში ეასპარეზა და საპრიზო ადგილებისთვის ებრძოლა.
8 თებერვალს მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მედლებისთვის ბრძოლას ხუთი ფინალისტი ქვეყანა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო შეუდგა, რომლებსაც დარჩენილ სამ დისციპლინაში უნდა გამოემუშავებინათ ქულები.
ერთი დღით ადრე გუნდურ ასპარეზობაში, სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა სუფთად შეასრულეს და მსაჯებისგან 117.82-ქულიანი შეფასება მიიღეს დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა, რამაც მათ მეოთხე ადგილი მოუტანა. რაც შეეხება გუნდურში აღებულ ქულებს, საქართველოს ნაკრებმა თავისი მონაგარი 7 ქულით გაზარდა.
8 თებერვალს კი, ოლიმპიურ სარბიელზე პირველები გავიდნენ სპორტული წყვილები, მათ შორის - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა თავისუფალ პროგრამაში დამაჯერებლად იასპარეზეს, 139.70-ქულიანი შეფასება დაიმსახურეს და რაც მთავარია, უშუალო კონკურენტებს - იტალიას და კანადას აჯობეს, ასევე ლიდერი აშშ-ც ჩამოიტოვეს. საქართველოს წარმომადგენლებმა თავისუფალი პროგრამა მეორე ადგილით დაასრულეს და გუნდური 9 ქულა აიღეს.
გუნდური ასპარეზობის დასკვნით დღეს ქალთა ერთეულებში Forum di Milano-ს ყინულის მოედანზე თავისუფალი პროგრამით წარდგა ანასტასია გუბანოვა.
ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მფლობელმა გუბანოვამ ყველა ელემენტი ჰაეროვნად შეასრულა, სეზონის საუკეთესო შეფასება - 140.17 ქულა დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამა მეორე ადგილზე დაასრულა, შესაბამისად, უშუალო კონკურენტებზე - კანადელ და იტალიელ მოციგურავეებზე წინ აღმოჩნდა.
გუნდური ასპარეზობა ვაჟთა ერთეულებში თავისუფალი პროგრამით დასრულდა, სადაც იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა ეგაძემ. გუნდურში აქამდე გამომუშავებული ქულების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდის უშუალო კონკურენტები იყვნენ იტალია და კანადა. იტალიას ორი ქულით ჩამოვრჩებოდით, კანადას კი სამი ქულით ვუსწრებდით.
ნიკა ეგაძემ თავისუფალი პროგრამა 154.9 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა, საქართველოს გუნდური მონაგარი კი 6 ქულით გაზარდა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებს ჯამში 56 ქულა დაუგროვდა და გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა.
69 ქულით დაასრულა გამოსვლა აშშ-ის გუნდმა, მეორე მაჩვენებელი ჰქონდა იაპონიას (68), მესამე - იტალიას (60). ბოლო, მეხუთე ადგილი ერგო კანადას.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლები ასე ახლოს არასოდეს ყოფილან საპრიზო ადგილთან, გუნდური მეოთხე ადგილი კი ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
9 თებერვლიდან ოლიმპიური სარბიელი დაეთმობა პირად პირველობებს. საქართველოდან პირველი იასპარეზებს დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი, რომელიც სპორტული ცეკვებში მოკლე პროგრამით წარდგება.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის შეფასებით, ჩვენმა ფიგურისტებმა ოლიმპიური შეჯიბრების პირველ დისციპლინაში წარმატებით იასპარეზეს და უმთავრეს სპორტულ ფორუმზე ღირსეულად წარადგინეს საქართველო:
„მადლობას იმსახურებს გუნდის თითოეული წევრი - სპორტსმენები, მწვრთნელები, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მესვეურები, ყველა ის ადამიანი, ვინც წვლილი შეიტანა ამ ისტორიული შედეგის მიღწევაში. ჩვენ წინ გველოდება არანაკლებ საინტერესო ოლიმპიური დღეები, მილანში გათამაშდება მედლების კიდევ ოთხი კომპლექტი - ამჯერად, ინდივიდუალურ და წყვილთა სრიალში. რამდენიმე დისციპლინაში გვაქვს მეტნაკლები შანსი იმისა, რომ გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადების შედეგები და თამამად ჩავერთოთ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში.“
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |