რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეკრებს საპარლამენტო კომისია მთავრობასთან ერთად და ეს მოგვცემს საბოლოოდ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში საზოგადოების თვალწინ წარიმართება უფრო ხანგრძლივად დებატები და საზოგადოება მიიღებს ძალიან ფართოდ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება.
„კანონმდებლობას რაც შეეხება, ამ საკითხზე პარლამენტარებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. ანტიმონოპოლიური მიმართულებით შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება. ამ საკითხებს ვამუშავებთ და საბოლოო ჯამში, ისევ პარლამენტს მივუბრუნდებით, იმიტომ, რომ მათი მისაღებია კანონი. რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებაზეც შეიძლება ფიქრი, რომ უფრო ქმედითად ამუშავდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხედავს გარკვეული კარტელური გარიგებების ნიშნებს. ორივე მიმართულებით, როგორც აღსრულების, ასევე კანონმდებლობის მიმართულებით, აქტიურად ვიმუშავებთ. სწორია, რომ კომისიები ხშირად საზოგადოებას აღიზიანებს კიდეც, იმიტომ, რომ ბევრი მიმართულებით შექმნილა წლების მანძილზე კომისიები და საბოლოო ჯამში, საზოგადოებისთვის მთავარია, შედეგი დაინახოს. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, რომ უკვე მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები და აპრილის შემდეგ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიკვეთოს პრობლემის გადაწყვეტის გზები. საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში საზოგადოების თვალწინ წარიმართება უფრო ხანგრძლივად დებატები, ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ ამის საშუალება. საზოგადოება მიიღებს ძალიან ფართოდ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება. ამიტომ, ერთი, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის იქნება ძალიან საინტერესო საპარლამენტო კომისიის მუშაობა და გარდა ამისა, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეკრებს საპარლამენტო კომისია მთავრობასთან ერთად და ეს მოგვცემს საბოლოოდ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |