სომხეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებები გულისხმობს, რომ სომხეთი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სულ მცირე, 99 წელი იარსებებს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც აშშ-ის გრძელვადიანი საინვესტიციო პროგრამისა და მისი ლოგიკის საკითხს შეეხო.
„მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეთანხმების თანახმად, 50 წლის შემდეგ პროცენტული თანაფარდობა შეიცვლება და სომხეთის რესპუბლიკის წილი უკვე 49%-ს შეადგენს. რატომ? იმიტომ, რომ გათვლა ასეთია: ადამიანები ახორციელებენ ინვესტიციებს - საუბარია მილიარდობით დოლარის დაბანდებაზე - ეს ინვესტიციები კი უნდა ამოიღონ და მოგებაც ნახონ. მე ვსაუბრობ ეკონომიკურ სარგებელზე, რადგან არალოგიკური იქნებოდა შეერთებული შტატებისთვის ან სხვისთვის გვეთქვა: „იცით რა, მოდით, დააბანდეთ ორი მილიარდი დოლარი და მერე რაც იქნება, იქნება - მნიშვნელობა არ აქვს, ამ ფულს დაიბრუნებთ თუ არა“. ნებისმიერ ინვესტორს, ყველა საინვესტიციო პროგრამაში, მათ შორის სომხეთშიც, ინვესტიციის განხორციელებისას სურს ჰქონდეს გარკვეული გარანტია, რომ ამ თანხას გარკვეული მოგებით დაიბრუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა ჩადოს ინვესტიცია? აიღებს ფულს, მივა ბანკში, დადებს პროცენტიან ანაბარზე და ასე დაიბრუნებს თანხას“, - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
„მეორე ნიუანსი. თავდაპირველად ჩვენც ვფიქრობდით და ვამბობდით: 99 წელი, 50 წელი... ეს ციფრები გარკვეულ დისკომფორტს იწვევდა ჩვენში, მათ შორის, ჩვენს გუნდშიც. თუმცა შემდეგ, რაღაც მომენტში, ვთქვით: „მოდით, ამ საკითხს სხვა მხრიდან შევხედოთ“. ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთის რესპუბლიკაში ახორციელებს საინვესტიციო პროგრამას 99 წლით, სულ მცირე, 99 წლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს ნომერ პირველი ზესახელმწიფო ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკა იარსებებს, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო 99 წლის განმავლობაში. ის იარსებებს, იქნება მშვიდობა და იქნება ნორმალური საინვესტიციო გარემო. ბოდიშს ვიხდი, გავაკეთებ განცხადებას, რომელიც ძალიან მწვავედ გაჟღერდება და არ გამოვრიცხავ, რომ ის ძალიან მწვავედაც იქნას აღქმული, მაგრამ, მაგალითად, მე ვეძებ და ვერ ვხედავ ვერცერთ პერიოდს ჩვენს წარსულ ისტორიაში, როდესაც გვქონდა 99-წლიანი პერსპექტივა, როდესაც გვქონდა 99-წლიანი გეგმა და ეს 99-წლიანი გეგმა მსოფლიოს ნომერ პირველ ზესახელმწიფოსთან ერთად გვქონდა შემუშავებული. მინდა, რომ ეს მომენტი ნამდვილად დავაფასოთ და ეს სრულად შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს მარადიულობის დღის წესრიგს, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს მივიღეთ“, - დასძინა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |