პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, კვლავ პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენს ნახევარსფეროში ჩვენი ინტერესების დაცვას, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ პირდაპირ ვუსწორებთ თვალს იმ ფაქტს, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი ახლა გეოპოლიტიკის ცენტრალური არენაა - არენა, რომელსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ამერიკის უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური სიძლიერისა და ტექნოლოგიური ლიდერობისთვის“, - აღნიშნა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა წარადგინოს იმ ძალების ძირითადი ნაწილი, რომლებიც საჭიროა ევროპაში კონვენციური აგრესიის შესაკავებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, მის დასამარცხებლად.
„სტრატეგია, რომელიც თითქოს იმას ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია განუსაზღვრელი ვადით იყოს ევროპის პირველადი კონვენციური დამცველი და, ამავდროულად, ყველგან სხვაგანაც გადამწყვეტი ტვირთი ატაროს, არც მდგრადია და არც გონივრული. ეს არის რესურსებს მოწყვეტილი მისწრაფება. ესაა სტრატეგია, რომელიც არც რიგითი ამერიკელების ინტერესებს ემსახურება და, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, არც ევროპელებისას“, - განაცხადა კოლბიმ.
„ევროპისთვის ეს ნიშნავს გადასვლას დანახარჯებისა და განზრახვების დონიდან რეალურ შედეგებსა და შესაძლებლობებზე. თავდაცვის ხარჯების დონეს დიდი მნიშვნელობა აქვს და მას ვერაფერი შეცვლის, თუმცა საბოლოო ჯამში გადამწყვეტია ის, თუ რას წარმოქმნის ეს რესურსები: ბრძოლისუნარიან შენაერთებს, გამოსაყენებელ საბრძოლო მასალას, მდგრად ლოგისტიკასა და ინტეგრირებულ სამეთაურო სტრუქტურებს, რომლებიც სტრესულ პირობებში მასშტაბურად მუშაობენ. ჩვენ კვლავაც უზრუნველვყოფთ აშშ-ის გაფართოებულ ბირთვულ შეკავებას. ასევე, უფრო შეზღუდული და მიზნობრივი ფორმით, კვლავაც მივაწვდით იმ კონვენციურ შესაძლებლობებს, რომლებიც წვლილს შეიტანს ნატოს თავდაცვაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ამ ხედვაში არაფერია ანტიევროპული. პირიქით, იგი ასახავს იმედსა და ნამდვილ რწმენას ევროპის შესაძლებლობის მიმართ - იმოქმედოს არსებითად და ენერგიულად“, - დასძინა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |