რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს ლოგიკურია, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ასახული ჩვენს კონცეფციაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატების დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
„ერთი რამეა რაზეც ყველა ჯერდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ საქართველოში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ვერ იღებს იმ ხარისხის განათლებას, რასაც მიიღებდა მაგალითად დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ეს ხომ არსებით ცვლილებას საჭიროებს? ამაზე თუ ვთანხმდებით და ჩვენ თუ გეუბნებით ჩვენს გზას, მაშინ ან ალტერნატიული გზა უნდა წარმოგვიდგინონ ან უნდა გაჰყვნენ იმ გზას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის შემოთავაზებული. რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს ლოგიკურია რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ასახული ჩვენს კონცეფციაში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის კონცეფციის ირგვლივ ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის.
„კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, მართალია ლოკალური იყო ეს თემები, მოვისმინეთ არგუმენტები და მაშინვე დავპირდით ჩვენს ოპონენტებს, რომ მზად ვიყავით თითოეულთან დაკავშირებით დამატებით მიგვეღო ინფორმაცია და გაგვეთვალისწინებინა საჭიროების შემთხვევაში. სრული ღიაობაა ჩვენი მხრიდან, რომ განვაგრძოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ჩვენ წარვადგინეთ კონცეფციის პროექტი, რომელიც ჯერ კონცეფციაც არ იყო, ყველას შევთავაზეთ საკუთარი მოსაზრებების წარდგენა, ამის ნაცვლად დაიწყო პოლიტიკური კამპანია ამ კონცეფციის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის ნებისმიერ ფორმატში, შეხვედრების ფორმატი იქნება ეს, აკადემიური სფეროსთან, რექტორებთან, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასთან, ექსპერტებთან, ნებისმიერ ფორმატში ვართ მსჯელობისთვის, მთავარია რომ ეს მსჯელობა ეფუძნებოდეს არგუმენტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |