არ დაგავიწყდეთ ისტორიული და მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება - შემდეგი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო. რეფორმის გარეშე კი, უფასო სწავლაზე გადასვლა ვერ იქნება ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
„ვიცით, რომ 64 უნივერსიტეტიდან 19 არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაც ნიშნავს, რომ ის არის სახელმწიფოს დაფინანსებაზე. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭომ, პირადად პრემიერის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიიღო, როდესაც შემდეგი სასწავლო წლიდან სწავლა, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში იქნება უფასო.
ამ რეფორმის გარეშე, მხოლოდ უფასო სწავლაზე გადასვლას ეფექტი ვერ ექნება და ვერ მოგვცემს იმ შედეგიანობას, რაზეც ჩვენი საზოგადოებაა ორიენტირებული. ამიტომ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქის აღზრდაზე, მისი კომპეტენციის განვითარებაზე, მის პროფესიონალურად ჩამოყალიბებაზე არის ორიენტირებული.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოსგან მოდის დაკვეთა და ეს დაკვეთა (პირველად ხდება ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ), ეფუძნება ბაზრის კვლევას და ამ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე ჩვენ ვიძლევით კონკრეტულ დაკვეთას იმ უნივერსიტეტებზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |