ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მე-9 ადგილი დაიკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 20 თებერვალი 2026, 07:33
მილანი/კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე მოციგურავეთა ასპარეზობები ქალთა თავისუფალი პროგრამით დასრულდა. გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი. საქართველოს ნაკრებიდან იასპარეზა ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ბოლო, მეოთხე ჯგუფიდან ჩაება შეჯიბრებაში.

ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 138.22-ქულიანი შეფასება მიიღო და მე-11 ადგილზე გავიდა, ხოლო ორივე პროგრამის ჯამში კი 209.99 ქულა დაუგროვდა და საბოლოოდ მე-9 ადგილი დაიკავა, რაც ქალთა ერთეულებში საქართველოს საუკეთესო შედეგია.

დღემდე საუკეთესო შედეგი იყო ელენე გედევანიშვილის (ტურინი-2006) და ანასტასია გუბანოვას (პეკინი-2022) მეათე ადგილები.

ჩემპიონობა მოიპოვა აშშ-ის წარმომადგენელმა ალისა ლიუმ, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები კი დაიმსახურეს იაპონელებმა, კაორი საკამოტომ და ამი ნაკაიმ.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა მილანი/კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.

საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის ორ სახეობაში რვა სპორტსმენით (ფიგურული ციგურაობა: ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, დიანა დევისი, გლებ სმოლკინი; სამთო თხილამურობა: ნინო წიკლაური, ლუკა ბუჩუკური) იყო წარმოდგენილი. მათ შორის პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე  მოვიპოვეთ მედალი. ვერცხლის მედლის მოპოვებით ისტორიულ შედეგს მიაღწია ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა.

მილანი/კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიელთა შედეგების შეფასებისას სეოკ- ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ ეს თამაშები ჩვენთვის ისტორიული აღმოჩნდა: ,,თამაშებამდე ვამბობდით, რომ მედლის მოპოვების რეალური შანსი გვქონდა და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სწორედ ბერულავა-მეტელკინას სპორტულ წყვილს ვგულისხმობდით. ჩვენი ეს მოლოდინი ასი პროცენტით გამართლდა. ჩვენმა წყვილმა, შეიძლება ითქვას, მოლოდინსაც კი გადააჭარბა და უძლიერეს მეტოქეებთან ურთულეს ბრძოლაში ოლიმპიური კვარცხლბეკის მეორე საფეხური დაიკავა.საერთოდ, საქართველოს მოციგურავეები ხუთივე დისციპლინაში სტაბილურად გამოვიდნენ და საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს."

22 თებერვალს ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი