საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და მსოფლიო რაგბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2023 წლის მსოფლიო თასამდე პერიოდში საქართველოს ნაკრებში ანტისადოპინგო წესების დარღვევის შემთხვევები გამოვლინდა.
„საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტისადოპინგო წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
ჩვენ სრულად ვიზიარებთ საკითხის სიმძიმეს. გულშემატკივრის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეები 2023/24 წლების სეზონიდან აღარ თამაშობენ/მუშაობენ ეროვნულ ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ არცერთი ნაკრების მოთამაშე და ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული და დადანაშაულებული არ არის.
პროცესის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს WADA-სთან და მსოფლიო რაგბისთან. მათგან მივიღეთ მკაცრი მითითება, რომ გამოძიების სრულყოფილად, მიუკერძოებლად და დადგენილი წესების დაცვით წარმართვისთვის პროცესის დასრულებამდე თავი შევიკავოთ საჯარო კომენტარებისა და დეტალების გასაჯაროებისგან. სწორედ ამ პროტოკოლის დაცვით იყო განპირობებული ის, რომ აქამდე კომენტარი არ გაგვიკეთებია.
ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას. ჩვენი მხრიდან დაწყებულია ინტენსიური სამუშაო და გატარებულია მკაცრი ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბიში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს.
დისციპლინარული საკითხების დასრულების შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას და ვუპასუხებთ მედიისა და საზოგადოების შეკითხვებს“, – აღნიშნულია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |