79
30 მარტი 2026, 00:05
თავისუფალი პროგრამის შედეგების მიხედვით, მედლების დარჩენილი კომპლექტი გათამაშდა ვაჟთა ერთეულებში და მოცეკვავეთა წყვილებში.
ერთეულებში გამოსვლა დაასრულა ნიკა ეგაძემ. მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-15 ადგილის შემდეგ, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა თავისუფალში გაცილებით უკეთ იასპარეზა, მსაჯებისგან 169.78-ქულიანი შეფასება მიიღო და მეშვიდე ადგილზე გავიდა, ორივე პროგრამის შედეგად დაგროვილი 248.62 ქულით კი მე-11 ადგილი ერგო.
მსოფლიო ჩემპიონატებზე კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა. საქართველოს წარმომადგენლებმა თავისუფალ ცეკვებში 119.31 ქულა დაიმსახურეს, რაც მეცხრე ადგილის მომტანი გამოდგა. მე-10 ადგილი ერგოთ მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში დაგროვილი 198.65 ქულით.
მოკლე პროგრამაში დაკავებული მეექვსე ადგილის შემდეგ, შედეგის გაუმჯობესებას შეეცადა ანასტასია გუბანოვა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელმა თავისუფალი პროგრამაში დამსახურებული 128.89 ქულით ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება ორივე პროგრამის შედეგად დაგროვილ მაჩვენებელს, გუბანოვა 198.81 ქულით აქაც მეათე ადგილზე გავიდა.
ფიგურულ ციგურაობაში 2025/26 წლების სეზონი საქართველოსთვის ისტორიული შედეგებით დასრულდა. საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა მედლები მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
ნიკა ეგაძის დამსახურებით, საქართველომ, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო ვაჟთა ერთეულებში. იმავე ჩემპიონატზე ასევე ისტორიული შედეგი მოვიპოვეთ წყვილთა ასპარეზობებში, სადაც ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ჩემპიონობა იზეიმა.
მეტელიკნა/ბერულავამ თებერვალში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც ისტორიულ შედეგს მიაღწიეს - დაიმსახურეს ვერცხლის მედალი, რაც ქართულ სპორტში ზამთრის სახეობებში მოპოვებული პირველი ოლიმპიური მედალია. მათივე დამსახურებით, ასევე პირველად, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საქართველომ პრაღის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერცხლის მედალი აიღო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |