საქართველოში ყველაზე მასშტაბური მულტისპორტული ასაკობრივი შეჯიბრება - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 03 აპრილი 2026, 19:51

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ყველაზე მასშტაბური მულტისპორტული ასაკობრივი შეჯიბრება - საქართველოს ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. 


დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული სპორტული პროექტის - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია.


დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.


საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტის სამინისტროს  და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, თბილისის მერიის და საკრებულოს სპორტის მიმართულების ხელმძღვანელები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სპორტული ფედერაციების და მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.


პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაფორმდა მემორანდუმი ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტსა და სპორტის იმ სახეობების ფედერაციებს  შორის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ ღონისძიებაში.


საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. 


ფინალურ ასპარეზობას 2026 წლის 2-6 ივნისს უმასპინძლებს ბათუმი. ეს არის ქართულ სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი მულტისპორტული შეჯიბრება  სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს (დაახლოებით 1200 სპორტსმენი) შორის, ჩვენი ქვეყნის რეგიონების ნაკრები გუნდები მონაწილეობით. 


ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, დახურვის ცერემონია - ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან. 


საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმოადგენს პირველ მულტისპორტულ, მასშტაბურ შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები. პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, ასევე ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღვის მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები. მთლიანობაში, ფესტივალის სამივე ეტაპში გამოვა დაახლოებით 30 ათასი სპორტსმენი.


სპორტის სახეობები


1. ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები)

2. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

3. თავისუფალი ჭიდაობა (ვაჟები)

4. კალათბურთი 3X3 (გოგონები, ვაჟები)

5. კრივი (ვაჟები)

6. მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები)

7. მინი-ფეხბურთი (ვაჟები)

8. მძლეოსნობა (გოგონები, ვაჟები)

9. მხატვრული ტანვარჯიში 

10. ტაეკვონდო (გოგონები, ვაჟები)

11. ფრენბურთი (გოგონები)

12. ქართული ჭიდაობა

13. ქვიშის ჭიდაობა

14. ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები)

15. ცურვა (გოგონები, ვაჟები)

16. ძიუდო (შერეული გუნდური)

17. ხელბურთი (ვაჟები)


მონაწილეები


1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

3. გურია

4. თბილისი

5. იმერეთი 

6. კახეთი 

7. მცხეთა-მთიანეთი 

8. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 

9. სამეგრელო-ზემო სვანეთი 

10. სამცხე-ჯავახეთი 

11.  ქვემო ქართლი 

12. შიდა ქართლი 


ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან  სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი