ევროპარლამენტარმა რიმა ჰასანიმ დროებით დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები ტყუილია და ისინი მიზანმიმართულადაა გავრცელებული. ამის შესახებ „პოლიტიკო” წერს.
ჰასანის თქმით, მათი გავრცელების ერთადერთი მიზანი მისთვის ზიანის მიყენებაა.
ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაკავების დროს მას თან ჰქონდა კანონიერი გზით შეძენილი კანაბიდიოლი, რომელსაც, მისი განმარტებით, სამედიცინო მიზნით იყენებდა.
ამასთან, საფრანგეთის პოლიციამ რიმა ჰასანი 2 მარტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დაკითხა. კერძოდ, ჰასანის პოსტი დაკავშირებული იყო 1972 წელს იაპონური ულტრამემარცხენე დაჯგუფების, „იაპონური წითელი არმიის“ მიერ თელ ავივის აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმასთან, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა.
ჰასანის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ აღძრული 16 საქმიდან 13 უკვე დახურულია. თუმცა, პარიზის პროკურატურის განცხადებით, ევროპარლამენტარი კვლავ რჩება ცხრა მიმდინარე გამოძიების ფიგურანტად.
პროკურატურაში ასევე განმარტავენ, რომ აშკარა სამართალდარღვევის შემთხვევაში სამართალდამცველებს შეუძლიათ ევროპარლამენტარის დროებითი დაკავება იმუნიტეტის მოხსნის გარეშე.
მანამდე „როიტერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტარი რიმა ჰასანი, რომელსაც ბრალად ედება ინტერნეტით ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდა, საფრანგეთის სასამართლოს წინაშე ივლისში წარდგება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |