დავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 05 აპრილი 2026, 23:24

თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება, - ასეთია „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის პროგნოზი იმ ევროპაზე, რომელიც მსოფლიომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში იხილოს.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის პოლიტიკური რუკა ერთპოლარული იყო, 2026 წლის აპრილისთვის პოლიტიკური ევრობალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა და ლიბერალურმა ცენტრმა უკვე დაკარგა ძველი მონოპოლია ძალაუფლებაზე.

„ათი წლის წინ ევროკავშირის პოლიტიკური რუკა თითქმის ერთპოლარული ჩანდა. 2015-2016 წლებში, როდესაც ევროკავშირი ჯერ კიდევ 28 სახელმწიფოსგან შედგებოდა და მის შემადგენლობაში იყო დიდი ბრიტანეთი, ძალაუფლების ძირითადი ცენტრები ლიბერალურ-ცენტრისტული და სოციალ-დემოკრატიული ელიტების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. საფრანგეთს მართავდა სოციალისტი ფრანსუა ოლანდი, იტალიას - მატეო რენცის მემარცხენე-ლიბერალური მთავრობა, ხოლო ესპანეთსა და ჩრდილოეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში დომინირებდნენ სოციალ-დემოკრატები ან ლიბერალური კოალიციები.

მემარჯვენე-კონსერვატიული ბანაკი მაშინ უფრო გამონაკლისად გამოიყურებოდა - მისი მთავარი საყრდენები იყვნენ: უნგრეთი - ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით; პოლონეთი - პარტიის „კანონი და სამართალი“ გამარჯვების შემდეგ; ესპანეთი - მარიანო რახოის დროს და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული მთავრობა ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით. ფაქტობრივად, საუბარი იყო 28 სახელმწიფოდან მხოლოდ რამდენიმეზე.

2026 წლის აპრილისთვის პოლიტიკური ევრობალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ევროკავშირი ახლა 27 სახელმწიფოსგან შედგება, და ლიბერალურმა ცენტრმა უკვე დაკარგა ძველი მონოპოლია ძალაუფლებაზე. მემარჯვენე ან ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობები მოქმედებენ იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში, შვედეთში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში, ხორვატიაში, ლუქსემბურგსა და ბელგიაში. ამასთან ერთად, პოლონეთში არის კონსერვატორი პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ხოლო კვიპროსს მართავს პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ცენტრისტულ-მემარჯვენე ძალების მხარდაჭერით.

ამგვარად, თუ ათი წლის წინ მემარჯვენე-კონსერვატიული ბანაკი მხოლოდ რამდენიმე მთავრობას აკონტროლებდა, დღეს იგი ხელისუფლების უმაღლეს დონეზე უკვე, დაახლოებით ათზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი. ამ „ფერიცვალების“ მიზეზები კარგადაა ცნობილი: 2015 წლის მიგრაციულმა კრიზისმა, გლობალიზაციის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ, ბრიუსელის ბიუროკრატიის მიმართ მზარდმა სკეპტიციზმმა, ენერგეტიკულმა კრიზისმა და უსაფრთხოების საკითხებმა უკრაინის ომის ფონზე - მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოებრივი განწყობები.

ევროპელი ამომრჩეველი სულ უფრო ხშირად აძლევს ხმას არა გლობალისტური ლიბერალიზმის იდეოლოგიას, არამედ სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, მიგრაციის კონტროლსა და ეკონომიკურ პრაგმატიზმს, რაც ავტომატურად აძლიერებს კონსერვატიული პარტიების პოზიციებს.

უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა: ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული. თუ 2010-იანი წლების შუალედში ლიბერალურ-მემარცხენე ცენტრი, თითქმის ერთპიროვნულად განსაზღვრავდა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგს, დღეს იგი უკვე ფორმირდება ორ ბანაკს შორის მკვეთრი კონკურენციის პირობებში.

ევროპული პოლიტიკა შევიდა იდეოლოგიური ბალანსის ეპოქაში, სადაც არცერთ მხარეს აღარ აქვს ძალაუფლების მონოპოლია. თუ შევხედავთ უახლოეს 2-3 წელიწადს, ანალიტიკოსები მემარჯვენე მიმართულებით შესაძლო ახალ ცვლილებებს უპირველესად უკავშირებენ საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, სადაც კონსერვატიულ პარტიებს უკვე ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერა აქვთ და შეუძლიათ მთავრობების ფორმირებაზე პრეტენზია განაცხადონ.

მსგავსი ტენდენცია შესაძლებელია ასევე რუმინეთში, ირლანდიასა და სლოვენიაში, სადაც კონსერვატიული ძალები თანდათან ზრდიან თავის გავლენას. თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ევროკავშირის შიგნით პოლიტიკური ბალანსი შეიძლება კიდევ უფრო გადაიხაროს - წარსული ლიბერალური დომინაციისგან უფრო მკვეთრად გამოხატული კონსერვატიული მრავალცენტრიანობის მიმართულებით. ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით მართლმადიდებელ აღდგომას, 12 აპრილს, უნგრეთში ჩასატარებელი არჩევნების შედეგები. მაგრამ, რის პროგნოზირებაც უკვე დღესაა სავსებით შესაძლებელი, თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი