Euronews: როდესაც საქმე აზიისა და ევროპის კონტინენტების დაკავშირებას ეხება, აზერბაიჯანი და საქართველო სასიცოცხლო როლს ასრულებენ ენერგორესურსების ტრანზიტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 07 აპრილი 2026, 18:53

როდესაც საქმე აზიისა და ევროპის კონტინენტების დაკავშირებას ეხება, აზერბაიჯანი და საქართველო სასიცოცხლო როლს ასრულებენ ენერგორესურსების ტრანზიტში - ორივე ქვეყნის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, თუ როგორ იმუშავებენ ერთობლივად „შუა დერეფნის“ გასაფართოებლად, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „ირანის ომი და ენერგომომარაგების შეფერხებები სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობას აჩქარებს“.

„ირანის ომისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონის როლი წინა პლანზე გამოვიდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ჰორიზონტებს უხსნის მთელ რეგიონს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გლობალურმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაზარდა „შუა დერეფნის“, ისევე როგორც შავი ზღვისა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა.

„შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება, რაც მეტწილად გამოწვეულია ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარებით, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საზღვაო გამტარ პუნქტად მიიჩნევა.

ირანში მიმდინარე ომის გამო, თეირანს სრუტე ამჟამად ნაწილობრივ ბლოკირებული აქვს, რამაც მსოფლიო მასშტაბით ენერგომომარაგების შეფერხებები გამოიწვია.

ჰორმუზის სრუტეზე დამოკიდებულების შესამცირებლად ერთ-ერთ ალტერნატიულ გზად კასპიის ზღვა განიხილება. ეს არის მულტიმოდალური ლოგისტიკური ქსელი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს.

იგი გადის აზერბაიჯანსა და საქართველოზე რუსეთის გვერდის ავლით, რაც ამცირებს რუსულ ტრანზიტზე დამოკიდებულებას და სატრანსპორტო დროს ამოკლებს.

ეს მოვლენები ასევე ცვლის ვითარებას მთელ რეგიონში. ალიევმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალი სიტუაცია ყალიბდება“ და ამ რეგიონის ქვეყნებმა „არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს შესაძლებლობები“.

„სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრ ნაწილში მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე ირღვევა, რაც სისხლიან შეტაკებებს, ომებს, ტანჯვასა და დანაკარგებს იწვევს“, - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მსგავსი მდგომარეობა ოდესღაც სამხრეთ კავკასიაშიც არსებობდა“.

„თუმცა დღეს სამხრეთ კავკასია მშვიდობის, სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სივრცედ იქცევა“, - დასძინა ალიევმა და ამ პროცესში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი.

საქართველო საკუთარ ტერიტორიას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვაჭრობისთვის უზრუნველყოფს, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის მის როლს ამ მეზობელ ქვეყნებს შორის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობაში.

აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე საქართველოს გავლით ხორციელდება, ასევე, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გადის კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან მოპოვებული ნავთობრესურსებიც.

რაც შეეხება ორმხრივ თანამშრომლობას, გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანს საქართველოს ეკონომიკაში 3.7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ამჟამად ახალი საინვესტიციო პროექტები განიხილება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი