64
08 აპრილი 2026, 21:40
ზავი მიი დადებიდან რამდენიმე საათში დაირღვა. საღამოსთვის ირანმა ჰორუზის სრუტე გემებისთვის ისევ დახურა. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშზე. ამის შესახებ ირანული სააგენტო Fars იტყობინება.
„დღესაც კი მათ გამოცადეს და ნახეს, რომ ჩვენი ხელი ტრიგერზეა, და როგორც კი მტერი უმცირეს შეცდომას დაუშვებს, ძლიერი პასუხი მოჰყვება,“ - განაცხადეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.
Fars-ის ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში სრუტე მხოლოდ ორმა ტანკერმა გადაკვეთა.
Strait of Hormuz-ისა და Vessel Finder-ის მონაცემებით, ზავის დაწყების შემდეგ სრუტეში გადაადგილება მხოლოდ მცირედით გაიზარდა. დღეს დაახლოებით 10 ტანკერმა გაიარა, მაშინ როცა ბლოკადის პერიოდში ირანი მხოლოდ 3-4 ტანკერს ატარებდა. ომის დაწყებამდე კი ყოველდღიურად დაახლოებით 60 გემი გადიოდა.
ისრაელმა ლიბანზე დარტყმის შემდეგ განაცხადა, რომ „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ობიექტები გაანადგურა.
დარტყმების ქვეშ მოექცა ბეირუთის ცენტრალური რაიონებიც, რომლებიც წინასწარ გამოქვეყნებულ ევაკუაციის სიაში არ ეწერა, იტყობინება Financial Times.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს, რომ აშშ-ს, ირანსა და ისრაელს შორის მიღწეული ზავი ლიბანზე არ ვრცელდება. იგივე პოზიცია დაადასტურა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლაინ ლევიტმაც.
ზავის მეორე ნაწილი - პირდაპირი ცეცხლის შეწყვეტა - ასევე სრულად არ სრულდება. დარტყმების ინტენსივობა შემცირდა, თუმცა მთლიანად არ შეწყვეტილა.
ირანმა დაარტყა ისრაელს და ასევე ნავთობის ობიექტებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქუვეითსა და საუდის არაბეთში.
შედეგად დაზიანდა საუდის არაბეთის ნავთობსადენი, რომელიც საწვავს წითელ ზღვაში აწვდის ორუზის სრუტის გვერდის ავლით.
ჯერჯერობით უცნობია, შეფერხდა თუ არა ნავთობსადენის მუშაობა. წინასწარი შეფასებით დაზიანებულია ერთი სატუმბი სადგური, თუმცა სისტემას სარეზერვო მექანიზმებიც აქვს.
თეირანში განაცხადეს, რომ ეს დარტყმები იყო პასუხი მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვაზე.
პენტაგონი უარყოფს, რომ აშშ-მ ან ისრაელმა ასეთი იერიში განახორციელა. მათი შეფასებით, ირანის შეტევები შესაძლოა სამხედროებს შორის კომუნიკაციის პრობლემამ გამოიწვია და ზავის სრულად ამოქმედებას დრო დასჭირდება.
აშშ, ისრაელი და ირანი ზავზე წინა საღამოს შეთანხმდნენ, თუმცა მისი კონკრეტული პირობები ბოლომდე გაურკვეველია.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ორი კვირით შეწყვეტს ირანზე დარტყმებს, თუ ჰორუზის სრუტე „გაიხსნება“. თუმცა რას ნიშნავს ზუსტად „გახსნა“, გაურკვეველია.
თეირანი აცხადებს, რომ მზად არის გემების გატარებისთვის, მაგრამ მათი გადაადგილება უნდა იყოს კოორდინირებული ირანის სამხედროებთან.
შეთანხმება ასევე მოიცავდა იმას, რომ ირანსა და ომანს შეეძლოთ გადასახადის დაწესება გემების გასავლელად.
ირანის ნავთობისა და გაზის ექსპორტიორთა კავშირის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თეირანი გეგმავს ტანკერებისგან გადასახადის აღებას - მათ შორის კრიპტოვალუტით.
„ირანმა უნდა აკონტროლოს ყველაფერი, რაც სრუტეში შედის და გამოდის, რათა ეს ორი კვირა არ იქნას გამოყენებული იარაღის გადასატანად. ყველა გემი შეძლებს გავლას, მაგრამ თითოეული მათგანის პროცედურა დროში გაწელილი იქნება, რადგან ირანი არ ჩქარობს,“ - განაცხადა მან.
კონფლიქტის დარეგულირების უფრო დეტალური პირობები უნდა განხილულიყო 10 აპრილს, ისლამაბადში (ზავის მიღწევაში პაკისტანმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა).
თუმცა ეს შეხვედრაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანი შუამავლებს აცნობებს, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ზავი ლიბანზეც გავრცელდება.
თეირანი ასევე იმუქრება, რომ რეგიონზე შეტევებს განაახლებს, თუ ისრაელი ლიბანის დაბომბვას გააგრძელებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |