ეს არის კარგად ნაცნობი ქართული საზოგადოებისთვის თუ რა მიზანი აქვთ მათ, რომ ქვეყანა გახადონ მორჩილი. ასრულებენ გარე დავალებებს. პრაქტიკულად პრივატიზებას აკეთებენ. ყვავილებსაც კი დაუწყეს ბრძოლა, არა მხოლოდ თარიღს. არ მოერიდათ, რომ 9 აპრილის მონაწილეთა ოჯახის წევრების წინააღმდეგ გაილაშქრეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დღეს, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები, რომლებიც პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულები იგივე პირები არიან, ვინც პატრიარქის გარდაცვალების დღეს აქციას მართავდნენ რუსთაველის გამზირზე.
დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლას და აქტივისტების მისამართით მადლობის განცხადებაც გამოეხმაურა.
„მისი სტუმრობა, როგორც გამოჩნდა არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული, მას ჰქონდა პოლიტიკური შემადგენელი. სწორედ ამიტომ ის მიესალმა იმათ ვინც აურზაურს ტეხდა. სხვათა შორის ასეთი წაქეზებები ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი ვნახეთ. გახსოვთ ალბათ, როდესაც „მაიდანიზაციის“ წაქეზება ხდებოდა და ბალტიის ქვეყნების მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა პირდაპირ მიტინგზე გამოდიოდა და აქეზებდა, რომ ცეცხლი ანთებულიყო შუაგულ დედაქალაქში. ვნახეთ, როცა ელჩების უდიდესი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ სცენაში თანაგრძნობაში, თუ ასეთ მოძრაობაში იყვნენ. გახსოვთ ალბათ წინდებით გატანილი მასალა კვლევისთვის, რომ დაემტკიცებინათ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვინმე აწამებდა. ასეთი სცენების მომსწრე უკვე ვართ და არ არის ეს უცხო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, 9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს. ისინი ცდილობდნენ სახელისუფლებო გუნდის წევრების მიერ მიტანილი გვირგვინები გაენადგურებინათ.
ასევე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ.
მანამდე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მცირერიცხოვანთა ჯგუფი იმ მოქალაქეებს უპირისპირდებოდა, რომლებიც „ქრონიკას“ ინტერვიუს აძლევდნენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |