„ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა FOX NEWS-ის სტატიასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის თქმით, ეს ადამიანები წლების წინ საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა იყო რუსეთისთვის.
„ამ შემთხვევაში ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი. ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის, წლების წინ გვაბრალებდნენ თითქოს, სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა ვიყავით რუსეთთან მიმართებაში. დღეს ეტყობა, ირანია აქტუალური და ამ შემთხვევაში დაავალეს, რომ კონკრეტულად ირანთან დაკავშირებით გაევრცელებინათ იგივე ცრუ ინფორმაცია.
ქალბატონ ხიდაშელზე იმას შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მან ისიც დაგვაბრალა, თითქოს, ტერორისტებს ვამზადებდით საქართველოში. შემდგომ რატომღაც შეცვალა ჩვენება, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა ჩვენების მისაცემად იქიდან გამომდინარე, რომ ისიც აბსოლუტურად ტყუილს და აბსურდს ეფუძნებოდა. აგრძელებენ საქართველოს მტრობას და აქედან გამომდინარე ვეძახით ჩვენ უსამშობლოებს, აქედან გამომდინარე აქვთ ნულოვანი ნდობა და რეიტინგი ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საუბარია გიორგი კანდელაკსა და თინა ხიდაშელზე დაყრდნობით FOX NEWS-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, თითქოს ირანის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლით, სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად საქართველოს იყენებს, რაც კანდელაკის თქმითვე, რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის საზიანოა. FOX NEWS-ის სტატიას ქართული მედია საშუალებები ტირაჟირებენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |