ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა.
„ბიძინა ივანიშვილის როლზე აღარ დავიწყებ საუბარს, თუ რა როლი აქვს მას ქართულ პოლიტიკაში და რა როლი აქვს მას იმ პოლიტიკაში, რომელმაც ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა იმ ტურბულენტურ დროს, რა დროშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და მუშაობა. რა თქმა უნდა ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა.
ჩვენ შარშან არაერთხელ ვიმყოფებოდით თურქმენეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ასევე ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან თანამშრომლობას ჰქონდეს ინტენსიური სახე. სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი ჩართო ამ ფორმატში და ეს ხუთის ფორმატი ერთგვარად იქცა ექვსი სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმატად. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან აზერბაიჯანის როლი სატრანზიტო ფუნქცია, საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ საქართველოს ფუნქციას და საჭიროებას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს.
„საქართველოს არაფერი დაუკარგავს. საქართველოს ფუნქციას და საჭიროებას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და იქ მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მაგიდასთან მოწვეული. აქ მხოლოდ და მხოლოდ წააგებს ევროპა.
საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. საქართველოს აქვს გასასვლელი ზღვაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლუსია და რა თქმა უნდა ამ შესაძლებლობების გამოყენება ჩვენს მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად თანამშრომლობით კიდევ უფრო უკეთ უნდა მოვახდინოთ. რაიმე სახის სპეკულაციები საქართველოს როლთან დაკავშირებით უბრალოდ უვიცობაა. რუკას კარგად ვინც შეხედავს ძალიან ცხადად ჩანს რა როლს ასრულებს საქართველო რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში“, - განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |