უნგრელებმა ამ ხმის მიცემით ევროპას უთხრეს „დიახ“, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა.
პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობა დიდი ამოცანის წინაშე დგას და შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდა, დღეს მშვიდობიანად იზეიმონ, ხვალიდან კი ქვეყნის „განკურნება“ დაიწყონ.
ამასთან, მისივე თქმით, პარტია „ტისა“ ყოველდღიურად იმუშავებს, რომ გაამართლოს ის ნდობა, რომელიც გამარჯვებით მიიღეს.
პარტია „ტისას“ ლიდერი უნგრეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოუწოდებს, თანამდებობის ოფიციალურად დატოვებამდე არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, მის მუშაობას შეაფერხებს.
გარდა ამისა, მაგიარმა აღნიშნა, რომ ორბანის მთავრობის „მარიონეტები“ უნდა წავიდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტები კი უნდა შეიცვალოს. ის მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ უნგრეთის დემოკრატიას აღადგენს.
ამასთან, მაგიარი აცხადებს, რომ უნგრეთი „აღარ იქნება ქვეყანა შედეგების გარეშე“, ისინი კი, ვინც „ქვეყანას ძარცვავდნენ, პასუხს აგებენ“.
პარტია „ტისას“ ლიდერი ბუდაპეშტში შეკრებილ მხარდამჭერებს დაჰპირდა, რომ ევროკავშირსა და უნგრეთის მოქმედ მთავრობას შორის მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ, ის ქვეყანას ევროკავშირისკენ დააბრუნებს.
პიტერ მაგიარის განცხადებით, ახალი მთავრობა უნგრეთს ევროკავშირის სასამართლო სისტემაში კვლავ ჩართავს.
„უნგრეთი კვლავ ევროკავშირისა და ნატო-ს ძალიან ძლიერი მოკავშირე იქნება. უნგრეთი 1 000 წელია, ევროპაშია და იქ დარჩება“, – აღნიშნა მაგიარმა.
ამასთან, მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის რანგში ის ჯერ პოლონეთში, შემდეგ ვენაში, ბოლოს კი ბრიუსელში აპირებს გამგზავრებას.
მედიის ცნობით, პიტერ მაგიარის სიტყვით გამოსვლის დროს მისი მხარდამჭერები სკანდირებდნენ: „რუსებო, წადით სახლში“, „ევროპა“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |