დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC, რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში, ყოველი მეათე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
საერთო ჯამში, ტელეკომპანია 2 ათასამდე სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს. გამოცემის ცნობით, კომპანიაში რეორგანიზაცია ახალი გენერალური დირექტორის, მეტ ბრიტინის მოსვლის შემდეგ გამოცხადდა. სამუშაო ადგილები ტელეკომპანიის სხვადასხვა განყოფილებებში შემცირდება.
როგორც Financial Times-ი იუწყება, დღეს უნდა გაიმართოს საერთო კრება, რომელზეც არხის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს განუცხადებს, რომ ყოველი მეათე ადამიანი, შესაძლოა, სამსახურიდან გაუშვან. დღეს BBC-ში დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 21 508 ადამიანი მუშაობს.
გამოცემის ინფორმაციით, სამუშაო ადგილების შემცირება BBC-ის ახალი გეგმის ნაწილს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც კომპანიამ უახლოეს სამ წელიწადში ხარჯები 10%-ით უნდა შეამციროს, რაც 500 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |